
რეალურად, პირველად სარკეში 16 წლის ასაკში ჩავიხედე და შემეშინდა. შემეშინდა საკუთარი თავის, ჩემი შესაძლებლობებისა თუ უუნარობის, სამყაროსი და ადამიანების. 16 წლამდე ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი სამყაროს. მეგონა, მხოლოდ სიკეთე და კარგი ადამიანები არსებობდნენ. ვიყურებოდი და საკუთარ თავს ვეკითხებოდი, რა უნდა ქნა? პასუხი არ მქონდა... უბრალოდ, დინებას მივყვებოდი, ვაკვირდებოდი და ვსწავლობდი, მაგრამ მაინც მეშინოდა ადამიანების, ნდობა მეკარგებოდა. ქილიკი, ბოროტება, შური, უნდობლობა ჩემს გვერდით ცხოვრობდნენ. თითქოს დავიკარგე, წონა არ მქონდა, ლანდი ვიყავი და ვარსებობდი ამ ადამიანებთან ერთად. ყველაფრის მეშინოდა, იმედები გამიცრუვდა. თექვსმეტი წლის განმავლობაში აშენებული სასახლე დამენგრა, აგურ-აგურ, ნაბიჯ-ნაბიჯ. დავრჩი საკუთარ თავთან პირისპირ, შიშველი. იმ შეგრძნებით, რომ უფრსკულში მივექანებოდი გაბრუებული, უცოდინარი, არაფრის მთქმელი და მცოდნე.
ექვსი მძიმე წელი, ტკივილით სავსე. პატარა ბავშვით აკიდებული. დაკარგული…
დღესაც არ მახსოვს, რა ძალამ მაიძულა 180 გრადუსით შემოტრიალება, მაგრამ მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა, უფრსკულიდან ამოვსულიყავი და წინ ნაბიჯები გადამეგდა. პირველი მიზანი დავისახე: საკუთარ თავში გარკვევა და თვითშეფასების დაბრუნება. თავიდან ვისწავლე ყველაფერი, როგორც ახალშობილმა: სიარული, ლაპარაკი. ვერ ვიტყვი, რომ ადვილი იყო, რადგან სულ მტკიცება მჭირდებოდა ყველგან, რომ სულიერი არსება ვარ, ქალი, რომელსაც საკუთარი ხედვები და მიზნები აქვს. ვიცავდი თავს მამაკაცებისგან, რომელთაც ეგონათ, რომ მხოლოდ ხორცის ნაგლეჯი ვიყავი, რადგან ქმარი არ მყავდა. ვიცავდი თავს ქალებისგან, რადგან მათ წარმოსახვაში, ქმარს გაშორებული ქალი სახლში უნდა იჯდეს, კარგად არ უნდა გამოიყურებოდეს, ბედნიერი არ უნდა იყოს. მეცინებოდა მათ გაკვირვებულ სახეებზე, თვალებზე და გონებაში მადლობას ვუხდიდი. მე ხომ სწორედ ასეთმა სტერეოტიულმა დამოკიდებულებამ მომცა უფრო დიდი სტიმული იმისა, რომ არ დავმსგავსებოდი მათ, უკეთესი ვყოფილიყავი.
თუმცა დღესაც მეშინია ადამიანების…
ზოგჯერ, პირის-პირ საკუთარ თავთან დარჩენისაც მეშინია, მაგრამ მე უკვე ვისწავლე მექანიზმები როგორ გავუმკლავდე ამ შიშს, უნდობლობასა და ბოროტებას.