top of page

გიგი თევზაძე. ამ ბოლო დროს „გოგებაშვილი გვინდა/არ გვინდა“-ს შესახებ

Updated: Dec 28, 2018


(ცოტაოდენი განათლების თეორია, დამწყებთათვის)



მიუხედავად იმისა, რომ მძაფრი პოლემიკაა, ცხადი მაინც არ არის, გვინდოდეს თუ არ უნდა გვინდოდეს გოგებაშვილის დედა ენის "დაბრუნება" სკოლებში. ამიტომ, მოკლედ, და იმედი მაქვს, გასაგებად:


იყო ასეთი შვეიცარელი მოაზროვნე იოჰან პესტალოცი (1747-1827), რომელმაც მე-19 და მე20 საუკუნის პირველი ნახევრის განათლების ფილოსოფია მოიფიქრა: პესტალოცის მიხედვით, განათლება ბავშვზე ორიენტირებული უნდა იყოს და უნდა მოემსახუროს ბავშვის სრულყოფილ და ჰარმონიულ ინტეგრაციას მის სოციალურ გარემოში, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი ოჯახს, ერს და სახელმწიფოს უჭირავს. ეს პედაგოგიური თეორია, ას წელზე მეტი ხანი, დომიმანტური იყო ევროპაში და აშშ-ში. გოგებაშვილმა, რომელმაც, პესტალოცის იდეები, ალბათ, კიევის უნივრსიტეტში მოისმინა, თავისი "დედა ენა" ამ პრინციპებს დააფუძნა: გოგებაშვილის "დედა ენა" არა მარტო ენის სწავლას ემსახურება, არამედ, და ალბათ, უპირველესად, ბავშვისთვის ეროვნული და ლოკალური იდენტობის გამომუშავებას.


პესტალოცის დომინანტური თეორია, მე-20 საუკუნის 60-იან წლებში, შეცვალა კიდევ ერთმა შვეიცარელმა მოაზროვნემ, ჟან პიაჟემ (1896-1980), რომელიც შეეცადა დაეასაბუთებინა, რომ განათლება, ცხადია, ბავშვზე ორიენტირებული უნდა იყოს, ოღონდ, ის, სოციალურ გარემოსთან კი არა, ბავშვის ინდივიდუალურ (ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ) განვითარებასთან უნდა იყოს ჰარმონიაში.


გოგებაშვილის განათლების ხედვამ, რომელიც საქართველოს ორი გუბერნიის სახალხო სკოლებში იწარმოებოდა, ძალიან დიდი როლი შეასრულა საქართველოში ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაში. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიზანიც ხომ ეს იყო.


სუსურუკუს განათლების სისტემა, რომლის მემკვიდრეებიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვართ, პესტალოციანური იყო, ანუ, ემსახურებოდა არა ბავშვის ინდივიდუალურ განვითარებას, არამედ, ბავშვების სოციალურ გარემოში ჰარმონიულ ადაპტაცია/ასიმილაციას: ბავშვის სუსურუკუს ერთგულ მოქალაქედ ქცევას. ამ მიზანს, ალაგ-ალაგ, ისევ პესტალოცის თეორიის მიხედვით, ეწინაღმდეგებოდნენ ქართველი მასწავლებლები და ცდილობდნენ სუსურუკუ იდენტობა ქართული ეროვნული იდენტობით ჩაენაცვლებინათ.


პიაჟეს პედაგოგიურ თეორიას სუსურუკუს და საქართველოს განათლების სისტემებთან არც გაუვლია, რამდენიმე, ექსპერიმენტულ გამონაკლისს, თუ არ ჩავთვლით. დღესაც, რომ ჰკითხოთ ქართული ენის მასწავლებელს, თუ რას ასწავლის ის ბავშვს, პირველს თუ არა, საპატიო სამეულში, ადგილს ქართველობა, ერისშვილობა და პატრიოტიზმი დაიკავებს. სად არის „ის“, ბავშვის ინდივიდუალურ განვითარებაზე მორგებული ენის უნარები (სხვადასხვა ტექსტების წერა, კითხვა, გაგება, თვითგამოხატვა), რომელიც პიაჟეს მიხედვით, უნდა ისწავლებოდეს თანამედროვე სკოლებში? არც არსად. თუკი სადმე არის - რუდიმენტული ფორმებით.


კი მაგრამ, ეროვნული და სახელმწიფო იდენტობა არ განვავითაროთ? იკითხავთ თქვენ. რა თქმა უნდა, უნდა განვავითაროთ. მაგრამ, ამისათვის, თანამედროვე სკოლებში, უამრავი საშუალება არსებობს: სამოქალაქო განათლება, საქართველოს ისტორია და გეოგრაფია, ექტრა-კურიკულარული მოქმედებები. ენის სწავლების მიზანი, ენობრივი კომპეტენციების ასაკობრივ დონეს მორგებული განვითარებაა, და სხვა არაფერი. მართალია, ახლა სხვა პედაგოგიური თეორიებიც არსებობს, მაგრამ პიაჟე კვლავ რჩება „მოდის დამდგენად“.


ამიტომ, ვფიქრობ, გოგებაშვილის „დედა ენის“ შესახებ კითხვის პასუხი მარტივია: დასაბრუნებელი არაფერია. გოგებაშვილის „დედა ენა“ შემოსატანი არ არის. ის ჯერ კიდევ საქართველოს სკოლებშია, 100 წელზე მეტია. ჩვენ ჯერ კიდევ პესტალოცის მეთოდებით და ფილოსოფიით ვასწავლით, რაც, ჯერ-ერთი, მოძველებულია, და მეორეც, - სრულიად არაადეკვატურია არა მარტო თანამედროვე სოციალური გარემოს მიმართ, არამედ, პედაგოგიური თეორიის მხრივაც. ეს კი, ყველამ ვიცით, სასწავლო პროცესით უდიდეს იმედგაცრუებას იწვევს, არა მარტო მოსწავლეებში, მშობლებშიც.


ქართული ენის გაკვეთილმა ენობრივი კონპეტენციები უნდა განუვითაროს ბავშვებს, და არა ქართველობა. ამ უკანასკნელის განვითარება სხვა გაკვეთილებზე ხდება, და არა მარტო გაკვეთილებზე. ასე არ იყო მე19 საუკუნის საქართველოში, სადაც ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბების გადამწყვეტი ადგილი ქართული ენის გაკვეთილი იყო. დანარჩენს, მიხვდით, ალბათ.


1,523 views
bottom of page