top of page

გიგი თევზაძე. კორონა სამყარო: 20 მოსალოდნელი ცვლილება და on-life უსაფრთხოება

Updated: Mar 18, 2020


წინასწარმეტყველება ცუდი და უმადური საქმეა. ყოველი კონკრეტული ნათქვამი ზედმიწევნით ზუსტად ფასდება და არასწორი აღმოჩნდება ხოლმე, ყოველი ზოგადი ნათქვამი - მხოლოდ მორწმუნეების და ურწმუნოების დამატებით დივერსიფიკაციას ახდენს.


ამიტომ, არ ვაპირებ წინასწარმეტყველებას რა მოგველის. ჩვენს სოციალურ გარემოში გაჩნდა ახალი ფაქტორი, და ამ ფაქტორის ანალიზით და სიტუაციური განვითარების მოდელირებით შევეცდები მოკლედ მოგიყვეთ, რას მოუტანს ის იმ სისტემებს, რომლებშიც ყოველდღიურად ჩართულები ვართ.


უპირველეს ყოვლისა, გავერკვეთ, რა არის ეს ახალი ცვლადი: კორონავირუსი და სამყარო კორონავირუსთან ერთად. ეს არა მატო კიდევ ერთი ახალი ვირუსია. მას მთელი რიგი მოცემულობები ახლავს, რომლებიც კარგი იქნება რომ ჩამოვთვალოთ:


1. დაუცველობა: გავიგეთ, რომ დაცულები არ ვართ. ერთ მშვენიერ დღეს ყველა შეიძლება დავირუსებულნი აღმოვჩნდეთ; მოხუცები განსაკუთრებულად, თუმცა, ვერც ახალგაზრდები დარჩებიან განზე. ვინ იცის, რას მოიტანს ვირუსის შესაძლებელი მუტაცია;


2. ინფორმაციული ამბივალენტობა: არ ვიცით, ეს man-made ვირუსია, თუ ისე, ადამიანის უგუნურებით (მაგ. ღამურის ჭამით) განვითარებული: არც აქვს მნიშნვნელობა: ყველა pro და contra ინფორმაცია კიდევ უფრო ამძაფრებს ამ შეგრძნებას;


3. პარადოქსული ერთიანობა: პრინციპულად ყველა არის ვირუსის მოწყვლად ჯგუფში: განვითრებულ/განვითარებად, დემოკრატიულ-ტოტალიტარულ ქვეყნებად დაყოფ აღარ მუშაობს: გლობალიზაცია კი არ ჩერდება, ახალ ეტაპზე გადადის: აუქმებს სიმდიდრეზე დამყარებულ უსაფრთხოების დონეების განსხვავებებს;


4. მომავლის სახიფათო განსაზღვრულობა: ვიცით, რომ იმუნიტეტის გამომუშავება შესაძლებელია. ასევე, აცრაც. მაგრამ, რა ვუყოთ იმ, ჯერ არ გაჩენილ ვირუსებს, რომლებიც სრულიად შესაძლებლია, წარმოიშვნენ და გავრცელდნენ? კი, ვაქცინას ალბათ ყველა შემთხვევისთვის გააკეთებენ, მაგრამ, რა მოხდება მანამ, სანამ ვაქცინა წარმოებაში ჩაეშვება?


ეპიდემიების შეფასება და დადგენა - კონვენციურია, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. მაგალითად, არავინ არ უწოდებს ეპიდემია-პანდემიას მე-19 საუკუნის შუა წლებამდე მშობიარე ქალების ინფექციით სიკვდილის გლობალურ პროცესს. თუმცა, როგორც კი ექიმებმა დეზინფექცია, ანუ, თავიდან, უბრალოდ ხელების ბანა დაიწყეს, ეს პროცესი შეჩერდა და თითქმის გაქრა. ამას კი შედეგად მოჰყვა წარმატებული შობადობის რაოდენობის გაზრდა, ქალების ჩართვა განათლებასა და ეკონომიკაში, ჭკვიანი ქალების დაბრუნება რეპროდუქციაში. ამ ყველაფერმა რადიკალურად შეცვალა ჩვენი სამყარო. წარმოგიდგენიათ, რამხელა ცვლილება გამოიწვია უბრალოდ ხელების დაბანის პროცედურამ?


არ გეგონოთ ვამბობოდე, რომ კორონა ვირუსის და მისი მომდევნო ვირუსებიდან განკურნება ასე ადვილია. მითუმეტეს, რომ ექიმების დარწმუნება, ხელები დაებანათ, სულაც არ იყო ადვილი). სულაც არა. მაგრამ, ისევე, როგორც მშობიარე ქალების ინფექციის შემთხვევაში, მსოფლიო საზოგადოება შეიმუშავებს სისტემურ ცვლილებებს, რომელიც ყველა შესაძლებელ პანდემია-ეპიდემიის რისკს მინიმუნამდე დაიყვანს.

ყველაზე ცხადი გზავნილი, რომელიც ზემოდჩამოთვლილი ოთხი ფაქტორიდან გამომდინარეობს, არის ის, რომ ფიზიკური, on-life შეკრება, თავყრილობა სახიფათო შეიძლება იყოს. ნებისმიერი. რატომ? იმიტომ, რომ ვერც განვსაზღვრავთ და ვერც ვივარაუდებთ, ვინ და რა შეიძლება აღმოჩნდეს ახალი ვირუსის მატარებელი და გამავრცელებელი. უდაოდ ასეა. მაგრამ, რა ვუყოთ იმას, რომ ადამიანი პრინციპულად დიდი-გამაერთიანებელი-რიტუალის-შემსრულებელი ცხოველია? რა გვეშველება?

ვფიქრობ, ასე ტრაგიკულად არ უნდა შევხედოთ ამ ამბავს, თუმცა, რადიკალურ ცვლილებებს უნდა ველოდოთ.


მაშ ასე, რა შეიცვლება:


1. განათლება: საეჭვოა, რომ პანდემიის პიკის ჩავლის შემდეგ სასწავლო დაწესებულებები დაუბრუნდნენ აუდიტორიულ სისტემას: ეს ეხება როგორც სკოლებს, ასევე უნივერსიტეტებს. ლექცია ცოდნის რუტინული კონსტრუირების ისეთივე მეთოდი გახდება, როგორც დღეს ტექსტი ან მონაცემთა ბაზაა. საეჭვოა დიდ აუდიტორიებთან დაბრუნება იმიტომ, რომ სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ალბათ არ დათმობენ შემთხვევით მოპოვებული ძალიან კომფორტული გარემოს პრივილეგიას: მოუსმინო ლექცია/გაკვეთილს სადაც გინდა და როდესაც გინდა. სამაგიეროდ, პირადი მიღწევის, ანუ, პორტფოლიოს წილი გაიზრდება: მოსწავლის ინდივიდუალური თუ ჯგუფური მუშაობს შედეგებს სულ უფრო და უფრო მეტი დრო დაეთმობა როგორც სკოლაში, ასევე უნი-ებში და ასევე, სამსახურში მიღებისას.

ასეთი ცვლილება სასწავლებლებს უფრო მეტად რენტაბელურებად აქცევს: მაგალითად, რა საჭიროა 100 პროფესორის/მასწავლებლის დაქირავება, რომლებიც 10000 სტუდენტს წაუკუთხავენ ლექციას, თუკი საკმარისია, დაიქირავო ერთი პროფესორი, რომლის ლექციას 10000 სტუდენტი მოუსმენს, და - დაიქირავო 99, ან უფრო ნაკლები ტუტორი, რომელიც სტუდენტების სალექციო დავალებებს გააკონტროლებს და დაეხმარება მათ საკუთარი პორტფოლიოს შედგენაში.


2. კვლევა: ლექციები ლექციებად, მაგრამ რა მოხდება ლაბორატორიებში, სადაც ფიზიკურ ყოფნას ე-ფორმები ვერ ჩაანაცვლებს? სავარაუდოა, რომ ლაბებში, განსაკუთრებით კი ბიო-ლაბებში აიწევს უსაფრთხოების დონე. თუკი აქამდე მაღალი უსაფრთხოების დონე ქვეყანაში ლაბების 5-10 %-ს ჰქონდა, ახლა ყველა ლაბში მაღალი უსაფრთხოების გარემო შეიქმნება. მაღალი უსაფრთხოების შედეგი კი ორმხრივია, დამცველიც და სახიფათოც: ერთის მხრივ, მეტ-ნაკლებად ყველა მიკრობიოლოგიურ და ბიოქიმიურ ლაბს შეეძლება ვირუსების იდენტიფიცირება და სწრაფი რეაგირება, მაგრამ, ამავე დროს, ასევე თითქმის ყველა ლაბს შეეძლება ვირუსებზე მუშაობა და ახალი ვირუსების მიღება. ლაბების შესასვლელებში ბოქსები და დეზინფექციის საშუალებები ჩვეულებრივი ამბავი გახდება.


3. ყოველდღიური საქმე: რაკი პორტფოლიოების მომზადება განათლებით უზრუნველყოფილი კარიერის მთავარი საქმე გახდება, ხოლო სტუმართმყვარეობის სერვისში სამუშაო ადგილები შემცირდება (იხ. ქვემოთ) კერძო მასწავლებლობის მოთხოვნა აიწევს: მომსახურების დღეს არსებული სფეროდან გამონთავისუფლებული პერსონალი, ან, ის, ვისაც ეს ადგილები უნდა დაეკავებინა, კერძო მასწავლებლებად გადაიქცევიან და მოსწავლეების პორტფოლიოების მომზადებაში დახმარებას მიჰყოფენ ხელს; მომავლის ყველაზე გავრცელებული, თუმცა, არა ყველაზე მაღალანაზღაურებადი, სპეციალობა კერძო რეპეტიტორი/ტუტორი იქნება;


4. საოფისე სამუშაო: საოფისე სამუშაო გარდაუვლად გადაინაცვლებს პირად საცხოვრებელში. დღესაც, საოფისე სამუშაოს ყველა საქმის წარმოება ელექტრონულადაა შესაძლებელი, სახლიდან. ეს ცხადია, შეამცირებს ანაზღაურებას, მაგრამ, სხვა, დამატებითი სამუშაოს (მაგ. კერძო რეპეტიტორობის) შესაძლებლობასაც გახსნის. შესაბამისად, საოფისე ფართების ფასი შემცირდება და უძრავი ქონების ღირებულება დაიწევს/გადათამაშდება;


5. მაღაზიები და სუპერმარკეტები: ისედაც უკვე ხდება. მაღაზიები და სუპერმარკეტები სახლში მიწოდებაზე გადავლენ. ოღონდ, სავარაუდოთ, ამ მიწოდებას სულ უფრო და უფრო მეტად რობოტები განახორციელებენ;


6. პროგრამირება: ძნელი არაა ამის მიხვედრა, მაგრამ მაინც დავწერ: ელექტრონული კომინიკაციური სისტემების მოფიქრება მთავარი საქმე გახდება. პირველი 10 წლის განმავლობაში კომუნიკაციური სისტემების პროგრამირება ძალიან კონკურენტული ბაზარი იქნება; ელექტრონული კომუნიკაციური სისტემები შევლენ ყველა საქმეში: დისკოტეკების სოფტებით დაწყებული, ეროტიკით დამთავრებული;


7. წარმოება: დაიწყება სრული ავტომატიზაცია-რობოტიზაციისკენ სვლა. წარმოებებში მუშახელის რაოდენობა შემცირდება და მათი რიცხვი საბოლოოდ რობოტების ოპერატორებამდე დავა. აქამდე, თუკი ამას ხელს მუშახელის სიიაფე უშლიდა, დღეიდან არავინ დაინანებს ინვესტიციას რობოტიქსის განვითარებისათვის. ალბათ, ახალი ბუმი დაიწყება 3D პრინტერების მიმართულებით: იარსებებენ სახლის გამოყენების 3D პრინტერები, რომლებიც დაბეჭდავენ საჭმლიდან სახლის ნივთებამდე ყველაფერს. ასევე იარსებებენ საწარმოო 3D პრინტერები, რომლებიც რაიონს, რეგიონს მოამარაგებენ აუცილებელი ნივთებით (რაც სახლში ვერ დაიბეჭდება); სოფლის მეურნეობის მოსავლის წარმოება სულ უფრო და უფორ ჰიდროპონიკული გახდება: ნაკლები ადამიანის და ბევრი ე-სისტემების ჩართვაზე ორიენტირებული;


8. გადაზიდვები: გადაზიდვები ალბათ ის სფეროა, სადაც დღეს ყველაზე მეტი ადამიანია ჩართული მსოფლიოს მასშტაბით. განვითარება ალბათ წავა ერთად მყოფი ადამიანების რაოდენობის შემცირების და ავტომატიზაცია-რობოტიზაციის მიმართულებით. თუმცა, გადაზიდვებისთვის ესეც არაა საკმარისი: დღევანდელი მოცემულობით ტვირთი ბევრ, ვირუსებისგან დაუცველ ადგილს გაივლის, რისი პრევენცია/დეზინფექცია გადამზიდველებს ძალიან ძვირი დაუჯდებათ. ამიტომ, ვფიქრობ, გადაზიდვა „აიწევს“ მაქსიმალურად უსაფრთხო ადგილას, კოსმოსული ლიფტების და კოსმოსური გადაზიდვების მიმართულებით: ლიფტების ძირას, რამდენიმე კვადრატულ კილომეტრიან მონაკვეთზე ადვილია ვირუსული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, უჰაერობაში კი სტერილურობის შენარჩუნება. ვფიქრობ, ყველა ქვეყანა და დიდი კორპორაცია ეცდება კოსმოსური ლიფტების აშენებას;


9. ჯანდაცვა: აქაც თითქმის სრული ავტომატიზაციაა მოსალოდნელი. პირველი რობოტები ალბათ ქირურგები იქნებიან, რომლებსაც მოჰყვება დიაგნოსტირების ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლება: ჯანდაცვაში საზოგადოებრივი და კერძო საკუთრების წილი გადანაწილდება; სავარაუდოა, რომ სულ უფრო მეტი კლინიკა მოინდომებს გახდეს საზოგადოებრივი, რომ სახელმწიფომ მასთან ერთად გაიზიაროს ვირუსების მომავალ საფრთხეებთან გამკლავება; გაიზრდება, პირველი 10 წლის განმავლობაში მაინც - დისტანციური ფსიქიკური დახმარების სერვისი: აქ ადამიანი შეუცვლელი იქნება და ჯანდაცვის თანამშრომლების ადამიანური რესურსის უმეტესობა ამ სფეროში იქნება დაკავებული;


10. ტურიზმი და მოგზაურობა: ეს სფეროც საინტერესოდ შეიცვლება: მოგზაურობაზე უარს არ იტყვიან, ოღონდ, მოგზაურობა და ტურიზმი გახდება უფრო პრემიუმ კლასის და უფრო ძვირი: მეტი ყურადღება დაეთმობა ინდივიდუალურ სივრცეებს (თუნდაც თვითმფრინავებში) და ინდივიდუალურ ტურებს. ასევე, სასტუმროების სივრცეეების მაქსიმალურ ინდივიდუალიზაციას: მომავლის სასტუმროებში ალბათ, ყოველ ოთახს საკუთარი, გარედან შესასვლელი ექნება და კორიდორების სიტემა ნელ-ნელა გაუქმდება. შეიცვლება სამგზავრო ინფრასტრუქტურაც: თუკი, მაგალითად, დღევანდელ თვითმფრინავში 200 ადამიანი ეტევა, კორონა-სამყაროს თვითმფრინავში 50 დაეტევა, მკაცრად შემოსაზღვრული ინდივიდუალური სივრცეებით და უსაფრთხოების ზონებით. თუმცა, თუკი კოსმოსური გადაზიდვები დაიწყო, მას ადვილად მიებმება სამგზავროც. სადეზინფექციო ბოქსები, ალბათ ყველა აეროპორტის და სადგურის შესასვლელ-გამოსასვლეში მოთავსდება. ის სასტუმროები მოიპოვებენ პოპულარობას, რომლებიც კომფორტულ სადეზინფექციო ბოქსებს და მაქსიმალურად იზოლირებულ შესასვლელ-გამოსასვლელს შესთავაზებენ მომხმარებელს.


11. რესტორნები და კაფეები: შემცირდება მათი რაოდენობა, მაგრამ, არ გაქრება: მეტი ინდივიდუალური სივრცე გაჩნდება. ისევე, როგორც მომავლის თვითმფრინავების შემთხვევაში, ერთ მაგიდას გარშემო 9-10 კვ. მ. თავისუფალი სივრცე ექნება და კარგი ვენტილაცია. რესტორნები ერთმანეთს შეეჯიბრებიან უსაფრთხო და სტერილური გარემოს უზრუნველყოფის შეთავაზებაში;


12. კრიმინალური სამყარო: ე.წ. dark net–ის წონა გაიზრდება. სამართალდამცავ ორგანოებს მეტი საქმე ექნებათ ქსელში, ვიდრე ფიზიკურ სივრცეში;


13. საზოგადოებრივი ტრანსპორტი: საეჭვოა, რომ ამ სახით არსებობა გააგრძელოს. ალბათ, ესეც განვითარდება ინდივიდუალური მოძრავი ბოქსების მიმართულებით: მაგ. ინდივიდუალურად ბოქსირებული ტრამვაი/ავტობუსი, სადაც შედიხარ გარედან, ისე, რომ სხვას არ ეხები და მგზავრის გამოსვლის შემდეგ, გარემოს სწრაფი დეზინფექცია ხდება;


14. გართობა: ონლაინ თამაშები და კომუნიკაცია სულ უფრო და უფრო დიდ ადგილს დაიკავებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. შეიქმნება ვირტუალური პროგრამები, რომლებიც მაგალითად, ხალხმრავალი დისკოთეკის სიმულაციას შექმნის. მეტი ყურადღება დაეთმობა პროგრამულ უზრუნველყოფას და ნაკლები - საკონცერტო დარბაზებს: რაღა საჭირო იქნება საკონცერტო დარბაზი, თუკი ერთ დიჯეის, ან როკ-ჯგუფს მილიონობით მომხმარებელთან ერთდროული წვდომა ექნება?


15. შინაური ცხოველები: ალბათ, დაიწყება შინაური ცხოველების ვირუსის გადამტანობაზე შემოწმება, ფერმებში და თავლებში ეცდებიან მაქსიმალურ ავტომატიზაცია-რობოტოზაციას;


16. ქონება: უძრავი ქონება ღირებულებას შეიცვლის: შორ, მიყრუებულ ადგილებში ქონება უფრო ძვირი გახდება, ვიდრე მეტროპოლიების ცენტრში. როგორც უკვე დავწერე, საოფისე საქმე პირად საცხოვრებელ სივრცეეებში გადაინაცვლებს. შესაბამისად, მეტროპოლიების ცენტრში უძრავი ქონების ფასი დაიწევს, ხოლო უდაბური ადგილების მეზობლად - აიწევს; მეტროპოლიიდან მანძილს უკუ-მნიშვნელობა ექნება - რაც უფრო შორს იქნება მეტროპოლიიდან საცხოვრებელი, მით უფრო ძვირი ეღირება;


17. არჩევნები და მმართველობა: არჩევნები და მმართველობა - ელექტრონიზირდება: ალბათ, პირველი ცვლილება არჩევნებს შეეხება, შემდეგი - პარლამენტს. სავარაუდოა, რომ პარლამენტები, იმ სახით, როგორც დღეს ვიცით, გაქრება: თუკი კომუნიკაციის სისტემები ისე განვითარდება, როგორც ვვარაუდობ, რა საჭირო იქნება ე.წ. ‘ხალხის წარმომადგენლის“ არსებობა პარლამენტში, როდესაც ხალხის აზრი ისედაც, ელექტრონული სისტემების საშუალებით, წამის განმავლობაში მიეწოდება აღმასრულებელს? შესაძლებელია პირდაპირი [ელექტრონული] დემოკრატიის დაბრუნება;


18. მონაცემთა ბაზები: ვფიქრობ, თუკი რამეა მზად დღევანდელ სამყაროში მომავლისთვის, ეს მონაცემთა ბაზებია: ბლოკ-ჩეინების სისტემა უზრუნველჰყოფს მონაცემთა შენახვას და დეცენტრალიზებულ დაცვას. ეს მიმართულება კიდევ უფრო დაიხვეწება და კიდევ უფრო უსაფრთხო გახდება;


19. სამუშაო ადგილების განაწილება: როგორც ყველა ზემოდ თქმული პროგნოზიდან გამომდინარეობს, სამუშაო ადგილების იერარქიის წვეროში მონაცემთა ბაზების შემქმნელები და [კიბერ]უსაფრთხოების უზრუნველმყოფნი იქნებიან; მათ შემდგომ ადგილს ავტომატიზებული სისტემების გამოგონება და წარმოება დაიკავებს (პროგრამირება, დიზაინი, რობოტიქსი). თუმცა, ეს არ იქნება სამუშაო ადგილები თანამედროვე აზრით: ადამიანები დროდადრო გაერთიანდებიან სამუშაო ჯგუფებად, სხვადასხვა ტიპის რობოტებს/პროგრამებს გამოიგონებენ და შეეცდებიან მათი ბაზარზე დანერგვას. მეორე, ოღონდ უფრო სტაბილური პროფესია იქნება მასწავლებლობა დიდი დიაპაზონით - კერძო რეპეტიტორობიდან (პორტფოლიოს მომზადება) სასწავლო დაწესებულებების ტუტორობამდე (მოსწავლე/სტუდენტების დახმარება დასახული ამოცანების შესრულებაში); შემდეგი სტაბილური სამუშაო ადგილი - ბიოლაბორატორიების მკვლევარობა იქნება, იმდენად მაღალი მოთხოვნა გაჩნდება ვირუსების კვლევაზე, იდენტიფიცირებაზე და, სამწუხაროდ, ახალი ვირუსების გამოგონებაზე.


20, რაც შეეხება მომსახურების სფეროს სხვა კლასტერებს, ისინი გადანაწილდებიან „მეტი ინდივიდუალური უსაფრთხოება - მეტი სივრცის უზრუნველყოფა“ პრინციპით.


და ბოლოს: ადამიანების on-life, ერთ ფიზიკურ სივრცეში არსებულ სოციალურ ურთიერთობის სურვილს და ამისკენ სწრაფვას ვერაფერი შეცვლის. ოღონდ, ეს ნებაყოფლობითი, სურვილზე დამოკიდებული და არა-იძულებითი გახდება. ყოველდღიური სასიცოცხლოდ აუცილებელი ამოცანების შესრულება on-life შეხვედრებზე აღარ იქნება დამოკიდებული. თუმცა, განვითარებულ ქვეყნებში ასეთი შეხვედრების ორგანიზება როგორც ფინანსებთან, ასევე, გარკვეულ ვირუსულ რისკთან იქნება კავშირში. სხვა საკითხია, როგორ უპასუხებენ ამ გამოწვევას ღარიბი საზოგადოებები. ვფიქრობ, გლობალური ორგანიზაციების მომავლის მცდელობები ღარიბი საზოგადოებების on-life უსაფრთხოებაზე იქნება მიმართული.


ახალი ეპოქის წარმატების მთავარი სიმბოლო - დიდი, უსაფრთხო, არა-ურბანული ინდივიდუალური სივრცე გახდება: ყველა ქვე-სივრცე და ინსტრუმენტი - ამ იდეისადმი დაქვემდებარებით იქნება ორიგანიზებული.


შენიშნვნა: მიხვდებოდით, ამ 20 ცვლილებიდან უმეტესობა ჩემი მოდელირებული არ არის. ზოგიერთ მათგანს, როგორც მომავლის შესაძლებლობის აღწერას, წააწყდებოდით მომავალზე ორიენტირებულ მსჯელობებში და ტექსტებში. მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში ისაა, რომ ოთხი ახალი მდგენელი (დაუცველობა, ინფორმაციული ამბივალენტობა, პარადოქსული ერთიანობა და მომავლის სახიფათო განსაზღვრულობა) ამ ცვლილებებს და on-life უსაფრთხოების საზოგადოებას ლამის გარდაუვალ და შეუცვლელ მომავლად აქცევს.



6,495 views
bottom of page