მირჩა ელიადემ ერთხელ დაწერა, რომ ჯერ რიტუალები იყო და რელიგია მერე შეიქმნაო. ამის საფუძველი მას საკუთარმა კვლევამ მისცა: რომელიღაც „პირველყოფილ“ ჯგუფზე დაკვირვებისას, მან აღმოაჩინა, რომ ამ ტომს ჰქონდა რიტუალები, მაგრამ არ ჰქონდა ნარატივი, ამბავი, რომელსაც ეს რიტუალი გადმოსცემდა.
საშუალო და საყოველთაო მეცნიერული ცნობიერება მიიჩნევს, რომ ყოველი რიტუალი, რიტუალური ქმედება რაღაცა ამბის, რაღაც რწმენის გადმოცემაა: მაგ. რელიგიური რიტუალები საღვთო ამბებს გადმოსცემენ, სიმბოლური და ხშირად გარეშე თვალისთვის იმდენად გაუგებარი ფორმით, რომ მათ ცალკე ამხსნელი სჭირდებათ; ცეკვაც რიტუალია, რომელიც სხვადასხვა ქმედების ისტორიას ასახიერებს: ნადირობას, ომს, სექსს. ასეა მიღებული.
მაგრამ, ელიადემ თქვა, რომ ასე არ არის ყოველთვის: რომ არსებობენ რიტუალები, რომლებსაც არ აქვთ შინაარსი. ისინი უბრალოდ არიან. ამ დებულებამ და დაკვირვებამ დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია. საბოლოოდ ჩაითვალა, რომ მართალია, ელიადემ დააფიქსირა/აღწერა უშინაარსო რიტუალები, მაგრამ ეს, დიდი ალბათობით და სავარაუდოდ, დეგრადირებული, რელიგია/მითებდავიწყებული საზოგადოების შემთხვევა იყოო: როდესაც საზოგადოება ისე დეგრადირდა, რომ ნარატივები დაკარგა და მხოლოდ რიტუალები შეინარჩუნა, შინაარსის გარეშე.
ეს ასეც რომ იყოს, ასეთი განმარტება აშკარდ მიუთითებს რიტუალის სიძლიერეზე, მის დაუმარცხებლობაზე და უპირატესობაზე ნარატივის, ამბის მიმართ: თუ ასე არაა, რატომ არ გაჰქრა რიტუალი და დარჩა ამბავი? ასეთი პასუხი და განმარტება აშკარად გვაფიქრებინებს, რომ კიდევ ერთხელ უნდა მივუბრუნდეთ ამ კითხვას.
თანამედროვე მკვლევარების ვიწრო წრეში, რომელიც ყოველდღიურად ფართოვდება, დამკვიდრებულია აზრი, რომ პირველი ადამიანები, ანუ, როგორც დღესაა პოპულარული ცნება, ჰომოები, კი არ ლაპარაკობდნენ, არამედ, მღეროდნენ. ამ იდეის ისტორია მე20 საუკუნის დასაწყისში ბრიტანელი ალისტერ ჰარდისგან და ელენ მორგანისგან იწყება და უცნაურად გვიკრებს თანამედროვე ქართველებს: აწ გარდაცვლილ ინტელექტუალ საოპერო მომღერალ ნოდარ ანდღულაძეს, მუსიკოლოგ-ანთროპოლოგ იოსებ ჟორდანიას (ამჯერად, მელბურნის უნივერსიტეტი, ავსტრალია) და ამ ტექსტის ავტორს.
ჩვენ ყველა, მიუხედავად ნიუანსებისა, ვამბობთ და ვამტკიცებთ, რომ პირველ ჰომოებს შორის ინფორმაციის პირველი გაცვლა სიმღერით ხდებოდა: მხოლოდ ჩვენს წინაპარ შიმპანზეს ჰქონდა ხორხის ის აგებულება, რომელიც მას სიმღერის და მოგივიანებით, ლაპარაკის უნარს მისცემდა. შესაბამისად, სიმღერაში მოხდა წინადადებების, სიტყვების და მათი მნიშვნელობების ჩამოყალიბება. ვისაც მეტი დაგაინტერესებთ, ჩვენი წიგნები ნახეთ. რიტუალების პირველადობაც აქედან მომდინარეობს: ისევე როგორც დღეს, მაშინაც, ჩვენს პირველ წინაპრებში მელოდიისათვის მოძრაობის აყოლება ბუნებრივი და ძალიან სასურველი იყო.
ახლა ცოტა ხანი შევეშვათ წინაისტორიას და თანამედროვეობას დავუბრუნდეთ. თუკი დააკვირდებით, თანამედროვე პოეზია და სიმღერები სავსეა პერსონაჟებით, რომლებსაც არ გააჩნია ნარატივი. ასეთი უამრავია. ჩვენ ამას ვერ ვამჩნევთ, იმიტომ, რომ მივეჩვიეთ მათ არსებობას: სულ ასე იყო და რატომაც არა. ელეანორ რიგბი, ყორანი nevermore, გემი დალანდი, მაქსუელი ვერცხლის ჩაქუჩით, კატები, უნაყოფო მიწა, და ა.შ. ეს კლასიკაა.
მგონია, რომ პოეზიის დაფარული ფუნქციაც ეგაა: წამოიძახოს სახელები და სიმბოლოები, რომლებსაც მსმენელები მერე, კონცერტების დამთავრებისას შინაარსს შესძენენ. რაც ახლა, ამ მომენტში მახსენდება თანამედროვე ქართული პოეზია/მუსიკიდან: მამა-შვილის - ზვიად და ლექსო რატიანების ტექსტები: ანგელოზებად გადაცმული პატრიოტიზმის დემონები და ფარულად მოარული მგლები, ბავშვის ტანით. სხვა მაგალითებიც ბევრია. მეტი ზუსტი მაგალითი რაღად გინდათ. არცერთს არ აქვთ ნარატივი, და ორივე მოელიან შექმნას, თუ სადმე უკვე არ შეიქმნენ.
რატომ ხდება ასე, თან არა შემთხვევით, არამედ საყოველთაოდ? ვფიქრობ, საქმე იმაშია, რომ როგორც მუსიკის ტექსტის, ისევე ლექსის პირველი ფორმა, განმსაზღვრელი - რიტმი, მელოდიაა: ჯერ მელოდიაა, რიტმია და მერე ტექსტი. ისევე, როგორც ჩვენი პირველი წინაპრების შემთხვევაში, ჯერ მელოდიით კომუნიკაცია იყო და მერე წინადადებებით და სიტყვებით. კიდევ უფრო ზუსტად: ის, რაც პოეტი/მუსიკოსის თავში ფორმირდება, რიტმი/მელოდიაა და მერე იწყებს ის ამ რიტმის და მუსიკის სიტყვებით შევსებას. ეს სიტყვები კი, ხშირად, თუ არა ყოველთვის, შემთხვევითია და მუსიკის და რიტმის მიზიდულობის ძალით ცხოვრებას აგრძლებს, ან კვდება, იქვე, წარმოშობისას.
ამიტომაც ჩნდებიან გმირები და ღმერთები ამბების გარეშე. და მხოლოდ შემდეგ, როდესაც ამ ლექსებს და სიმღერებს მოისმენენ, მსმენელები უგონებენ ამბებს ამ უნარატივო პროტაგონისტებს. თუ რიტმი და მუსიკა ძლიერია, პროტაგონისტს დიდი შანსი აქვს, სხვა მელექსეებმა და მომღერლებმაც მოაქციონ ისინი საკუთარი მუსიკის და რიტმის ფარგლებში და მისი ნარატივი ნელ-ნელა ყოვლისმომცველად იქცეს.
და ასე უსასრულოდ. ეს ამბავი დღესაც გრძელდება და ჩვენ, ვინც ლექსების და სიმღერის ტექსტებს ვუკვირდებით, ვმონაწილებთ მათი პერსონაჟებისათვის ნარატივების შექმნაში: ზოგი - მარტივად, „ასე ხომ არ იქნებოდა“-ს დახმარებით, ზოგი რთულად - პერსონაჟებში ავტორის ფარული ფიქრების და არქეტიპული ფორმების აღმოჩენით.
ეს ისტორიაა, უფრო ზუსტად წინაისტორია. ასე შეიქმნენ ღმერთები და გმირები. ამიტომ არსებობდნენ, ჯერ კიდევ მირსეა ალიადეს დროს უნარატივო რიტუალები: სადღაც, რომელღაც თემში ვერ წარმოიშვა იმდენად ძლიერი პერსონაჟი, რომ რიტუალების შინაარსად ქცეულიყო.
ეს ისეთივე წარმოუდგენელი პროცესია, როგორც სიცოცხლის ევოლუცია: ისევე, როგორც ჩვენი წარმოსახვა ვერ წვდება, ვერ მოიცავს წყალში მცხოვრები ორგანიზმიდან ადამიანის წარმოშობის სრულ სურათს, ისევე ვერ მოიცავს ჩვემი წარმოსახვა ჯერ მელოდიიდან წინადადებების, და შემდეგ ღმერთების და გმირების წარმოშობის ევოლუციურ გზას.
ამის ინტუიციური მიხვედრა იყო კარის პოეტების და მომღერლების ინსტიტუტი: მმართველები ხვდებოდნენ, რომ კარგი მთქმელ-მომღერლის მიერ მათი მოხსენიება ლექსის/სიმღერის ტექსტში მათ უკვდავებას და გმირულ/საღმრთო იერის შეძენას, შესაბამისად, ძალაუფლების გამტკიცებას უწყობდა ხელს. და ამავე, ინტუიციური მიზეზით იყვნენ მთქმელები, რომლებიც უარს ამობობდნენ კარის პოეტის ფუნქციაზე და უისტორიო ღმერთების და გმირების შექმნას ამჯობინებდნენ.
ცხადია, მარტო ღმერთებს და გმირებს არ ქმნიან მუსიკის და რიტმის ტექსტები, არამედ ამბებსაც. მაგრამ, რომელი ამბავი ხდება პერსონაჟის გარეშე?
და ბოლოს, ამიტომაც იყოფიან დღევანდელი მომღერლები და პოეტები ორად: ისინი, ვისაც იმ, პირველი მომღერლის ბედი უნდა, ვინც შემთხვევით, რიტმს მიდევნებული უდებს საფუძველს ახალი ამბის და პერსონაჟების შექმნას, და ისინი, რომლებიც ხელისუფლების კარზე ცხოვრობენ, ხელისუფლების იმ იმედით და მითითებით რომ საზრდოობენ, რომ მათ, მმართველებს მოიხსენიებენ/იგულისხმებენ ტექსტებში და ამით უკვდავებას მიაღწევენ. შუალედური მდგომარეობა არ არსებობს.