„თქვენ ბზარი ხართ კედელში, უინსტონ,
ლაქა, რომელიც უნდა ამოიშალოს“
გზავნილი მომავალში
2022 წელია.
„დიდიძმა“ თავისუფალ სამყაროს ანგრევს და ეკრანიდან ყველაფერი კონტროლდება. ჩვენ ბზარი ვართ კედელში, რომელიც უნდა ამოიშალოს. ჩვენ, თავისუფალი, შვილმოკლული ადამიანები, ისევ ვიბრძვით. ტოტალიტარული სახელმწიფო აკონტროლებს არა მხოლოდ ქცევას, არამედ გრძნობებსაც და სანამ გონებაშიც შემოაღწევენ, სანამ საბოლოდ ამოგვშლიან, როგორც ლაქას, სხვა არაფერი მომდის თავში - გარდა ბრძოლისა და თავისუფლებისა, რადგან ეზოში მიცვალებულები დავმარხეთ, ჯვრები გამოვთალეთ და სხეული დავისერეთ სიმწრით. მერე, ისევ იარაღი ავიღეთ ხელში და უხმოდ შევთანხმდით:
ბრძოლა ბოლომდე!
,,მონობა მშვიდობაა!“ - ისმის დიდი ეკრანიდან და ის უხილავი თვალი, თქვენ რომ „დიდ ძმას“ ეძახდით, დისტოპია გეგონათ, ჩვენი რეალობაა. წლიდან წლამდე ვამცირებდით სიტყვებს, მცირდებოდა აზროვნების დიაპაზონი, როგორც იმ დაწყევლი წიგნშია. მერე, გიჟებად შეგვრაცხეს, ერთკაციან უმცირესობად. 101-ე საკნიდან საკუთარი სხეული კი არა, გონებაც ვერ გამოვიყვანეთ.
ახლა ომია!
ჩვენმა თაობამ არ იცოდა ჰოლოკოსტი, სიკვდილის ბანაკები, წითელი ურჩხული და ჩონჩხიანი ტყეები, მაგრამ იცის ის, რაც ახლა ხდება. ღმერთებმა მიატოვეს ადამიანები, ადამიანებმა - ღმერთები. ტიტანების დროც აღარ არის. ამბობენ, რომ არც გმირების დროა, მაგრამ გუშინ რომ გმირები დავმარხეთ? გუშინ რომ ბავშვები დავიტირეთ? ვინ იყვნენ ისინი?
სიტყვებს ფერი, სული, შინაარსი გამოაცალეს და დგანან ჩვენ წინ ჩონჩხებად გადაქცეული: თავისუფლება, მშვიდობა, გმირობა და სიცოცხლე.
რკინის ხმა ახლაც გვიმეორებს რომ ჩვენ მოვკვდით. დიახ, მოვკვდით, თავები დავიმარხეთ და რომ სიკვდილის მერეც მხოლოდ მონობა დაგვრჩენია!
ჩვენს წინააღმდეგ ჩვენივე თავისუფალი ნება გამოიყენეს.
თავისუფლებაკი არაფერზე იცვლება. ეს არც ლოზუნგია, არც რეფრენი, არც მაისურზე დასაწერი ფრაზა - ეს ჩვენი ხვალინდელი დღეა, რომ მომავალმა „მე“-მიცოდეს, რომ მომავალმა „შენ“ იცოდე:
უნდა მოკვდე, რათა დაიბადო და ტკივილებით შვა შენი სამშობლოს თავისუფალი მომავალი! არ გახდე ლაქა, რომელსაც წაშლიან, არ გახდე ბზარი კედელში!