top of page
Writer's pictureადმინი

თათია გიგანი: ხეიბარი სიკეთე


შესავალი მაშინ არის კარგი თუ მადლიერებით და მინიმუმ კოელიოს ციტატით იწყებო, მაგრამ ეს წერილი სიკეთეზე არ არის. სამწუხაროდ, ჟამია ასეთი და რეალობა.


მოსაყოლი ამბავია, რაც ჟამმა დაგვანახა:

საკუთარი კომფორტის ზონიდან არ გამოსვლა, კარებმიხურული ცხოვრება, როსკიპობა. სულის კარიც მიიხურა ზოგმა და სამოსელიც აიხია, სახესთან ერთად.


ჟამი ბოროტია, მძიმე და ტოქსიური.

ზოგჯერ „ჩასქროლავ" გონებაში ადამიანებს და არაფერი.

არც სარტრი გახსენდება, არც შეყვარებული. უბარლოდ ხვდები რომ ყველა თავის გამოგონილ კედელზე ცხოვრობს და არ ღირს ვინმეს სთხოვო არსობის პური. სამყაროში გადატყორცნილები ვართ-მეთქი, მარტოობისთვის, უნდა დამეწერა (მოდურიაო) მაგრამ არც ასე ბანალურად არის საქმე.


აი, ეს ყველა-ფერი რომ გადაივლის, ეს ყველაფერი რომ მინელდება (და თუ გადავრჩით) როგორ ვაპირებთ საკუთარი დანაწევრებული სახის აღდგენას კი არა, უფრო აკრეფვას. ეს ხომ გამორიცხულია,რადგან ერთხელ გაშიშვლებული სული არ გავიწყდება.


რომან პოლანსკის "პიანისტში" არის ერთი არ დასავიწყებელი კადრი: მოხუც ქალს, მიწაზე დაღვრილ ცივ წვნიანს, მასზე დამშეული კაცი რომ ართმევს. სწორედ, ამ რეალობაში ვართ. ოღონდ გადავრჩეთ , ოღონდ ჩვენ ვიყოთ დაპურებული და სხვა, მეგობარ - ნათესავი თუ მეზობელი, რა მოსატან-სადარდებელია.


რა სიმდაბლეა და საშიშია ეს გუშინ გაცემული ვითომ სიყვარული.

„ჩათებში" ჩაკარგული ხეიბარი სიკეთე,

მართვის სუნთქვაზე შეერთებულები ურთიერთობები.

კარადიდან გადმოღებული ჩონჩხები და მერე კაბებად მორგებული.


ასე იცის ჟამმა, ასე იცის ოყაჯ-მა! ჰო, ოყაჯ-მა, არ შეგშლია (ძაღმა წაიკითხე)რადგან არის დღეები, როცა, სწორედ, ასე ვხედავთ სიმართლეს და სამართალსაც.

სიმართლეც კი ჩვენი კომფორტის ზონაში მოვაქციეთ და ისიც ისეთია, როგორც ჩვენ გვინდა, ან ისეთი იქნება როგორსაც გვეტყვიან რომ იყოს. გააჩნია დღეს და ამბავს.


* * *

ეპილოგიც მაშინ არის კარგი,როცა მთავარი გმირი ან სახლშიბრუნდება ან... მაგრამ თუ დანიის სამეფოში რაღაც დალპა? როგორ უნდა დავასრულო?

Radiohead-ის Creep-ით ?

რატომ?

რადგან სახედაკარგულ ბრობოს წინ დგახარ - ბრბოს ნაწილი : მე, შენ და ისიც.

აქ, ანგელოზი არავინ არის.


და რა მოხდება ბოლომდე რომ გადავირიოთ ?

ხმამაღლა, როგორც Radiohead-ში ყველა სახე ახეულს ვუთხრათ, რომ მონობა ჟამზე მომაკვდინებელია. ბორკილებდადებულ გაბოროტებულ სულზე საშიში კი არც ჟამია და არც ოყაჯ-ი.


ეს ყველაფერი რომ ჩაივლის, საკუთარი სიშიშვლის მაინც არ შეგვრცხვება, რადგან სასირცხვოზე აფარებული ფოთლით, ადამს სამოთხის კარი მიუხურეს.

ნუ, გავხდებით ჩვენი დროის „ფეიკ“ ადამ-ები.
















bottom of page