ნეტავ რა ჰქვია ისეთ გრძნობას, როდესაც ხვდები, თუ სადაა სიმართლე, მაგრამ ამ ხედვას არავინ იზიარებს? ათასობით შენი ფეისბუქ - თუ ისე მეგობარი? მთავრობა? ოპოზიცია? მეცნიერები? მორწმუნეები? და ფიქრობ: რა გეშლება? ვაითუ პასუხი მარტივია და ყველას წინაშე სულელად გამოჩენა გაქვს გარანტირებული? თან ამ დილემას ის ამძაფრებს, რომ ამ საკითხის მიმართ შენს გარეთაც მთელი საზოგადოება ორ მკაფიო ჯგუფადაა გაყოფილი და თუ ერთმანეთს არ თათხავენ, მინიმუმ - ზუგშექცევით დგანან.
რომელი საკითხის? ესაა დავა ზიარების კოვზიდან ინფიცირების შესაძლებლობის შესახებ. დიახ, გაჯანჯლებული თემაა და გაჯანჯლებული კი - იმიტომ, რომ არავინ ესწრაფვის მის გადაჭრას. ამის გამო კი ამ საკითხზე საუბრისას ფოკუსი ხშირად იკარგება - დავის საგნები ერთმანეთს ხშირად ენაცვლება.
დიახ, ეს არაა პრობლემა ეკლესიებში ხალხის დისტანციურად დგომის შესახებ. ამ „სოციალური დისტანციის“ პრობლემა ნებისმიერ სივრცეში შეიძლება იყოს. და იგი მოგვარებადია, რადგან ამაში ორივე მხარე - ერი და ბერი - თანხმდება. აი ზიარების კოვზზე კი პოზიციები მკაფიოდ იყოფა. და ორივე პოზიციის საწინააღდეგო მხარეს ყოველთვის „გონებაშეზღუდულები“ დგანან.
ერთი პოეტი იხსენებს დავას დელფინების ინტელექტის შესახებ. ამ უკანასკნელის უარმყოფელები ასეთ არგუმენტს იშველიებდნენ: როგორ შეიძლება დელფინები ჭკვიანები იყვნენ? ტყვეობაში მყოფებს იმის მოფიქრების უნარიც კი არა აქვთ, რომ ერთ დაბალ ბადეს გადაახტდნენ და სამშვიდობოს გავიდნენ - ღია ზღვაში? და ეს პოეტი პასუხობს ამ ლოგიკოსებს: და განა ჩვენც ასე არა ვართ? რამდენჯერ დავმდგარვართ მარტივი გადაწყვეტილების მიღების წინაშე და ვერ გაგვიბედავს, ნაბიჯი გადაგვედგა?
იქნებ ამ კერძო შემთხვევაშიც ასეა? როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე შინაგანად ბლოკავს ამ საკითხში გარკვევის შესაძლებლობას. ორივეს ეშინია გაურკვევლობის ან დაცინვის. ორივე „სირაქლემას თავი ქვიშაში აქვს ჩარგული“.
ერთი მხრივ, სინოდმა მიიღო დადგენილება, სადაც მკაფიოდაა აღნიშნული, რომ: „წმინდა ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა მათთვის, ვინც რწმენითა და საეკლესიო წესების დაცვით ეზიარება. ამიტომაც, ეკლესიის წევრებისათვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, - მაგალითად, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, - ყოვლად მიუღებელია“.
მეორე მხრივ, მთავრობას, ექიმებს, ნაცებს, ქოცებს, უხუცესებს თუ ნორჩებს (ასევე - გირჩებს), ანუ არამაზიარებელ უმრავლესობას (სწორედ ეს პრედიკატია რელევანტური, თორემ ნომინალური მართლმადიდებლები კია უმრავლესობა) ეჭვი არ ეპარება, რომ ზიარების კოვზი ინფიცირებადია.
მხოლოდ ჯანმრთელობის მინისტრს წამოსცდა (და წარმომიდგენია, როგორ ინანა ეს), რომ „მეცნიერული კვლევა ამ თემაზე არ ჩატარებულა და არ იცის.“ და ქეც გაატარეს ცინიზმის ქარ-ცეცხლში. ისედაც არ აკლია ეს სტიქია.
მართლაცდა რა არის აქ გამოსაკვლევი? კოვზი კოვზია. თუ დაინფიცირდა, გადადების საშიშროებაც იქვეა. ეს ხომ აქსიომაა. შნობელის პრემიისათვის ხომ არ აპირებს ბრძოლას ვინმე?
მაგრამ დახეთ, ეს ჯიუტი მორწმუნეები რა არგუმენტებს იშველიებენ ამ აქსიომის წინააღმდეგ: 1. კოვზი შეიძლება არც დაინფიცირდეს, რადგან მას ქრისტეს სისხლთან და ხორცთან აქვს შეხება. ამიტომ ლეგიტიმურია დავასკვნათ, რომ ეს ღმრთაებრივი სუბსტანცია ამ ნივთს დასნებოვნებას აარიდებს; 2. შესაძლოა კოვზი დაინფიცირდეს, მაგრამ ნუთუ ეს საღმრთო ზიარება, რომელიც „საკურნებელად სულისა და ხორცისა“ მიიღება. პირიქით, დააავადებს მაზიარებელს - არათუ შიშით, არამედ კურნების სასოებით მიახლებულ მორწმუნეს? 3. საუკუნეებს რომ არ გადავწვდეთ და მხოლოდ ბოლო ათწლეულებს გადავხედოთ, ერთი კოვზით ასიათასობით ავადმყოფი და ჯანმრთელი ეზიარება და ერთი შემთხვევაც კი თუ გახმაურებულა, რომ ზიარების შედეგად დასნებოვნდა ვინმე?
მოდით, ბოლო პუნქტზე არ ვიდავოთ და მორწმუნეთა პირველი ორი არგუმენტი კი, ვაღიაროთ, რომ არაა ლოგიკას მოკლებული. რაც მთავარია, მორწმუნეთათვის და საეკლესიო მმართველთათვის ის მოსაზრება, რომ ზიარება ინფექციას არ გადასდებს - აქსიომატურია.
მაშ ასე: მოვიდა სეტყვა (ერთი „აქსიომა“), დახვდა ქვა (მეორე „აქსიომა“). და სიტყვა „აქსიომა“ აქ შემთხვევით არ მაქვს ბრჭყალებში - იმიტომ, რომ ეს მტკიცებულებები არაა აქსიომები! ესაა პრეზუმფციები - მსჯელობები, რომლებიც თავიანთი ლოგიკურობის გამო ჭეშმარიტად მიიჩნევა... საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე. და ამის შანსი ჯერ კიდევ არსებობს - თუნდაც იმიტომ, რომ ამ მიმართებით არც დაკვირვება და არც რეალობასთან მიახლოებული ბუნებრივი ექსპერიმენტი არ ჩატარებულა. ამიტომ მოერიდეთ ხეპრე და მეორე მხარის შეურაცხმყოფელი ცარიელი მტკიცებების რახა-რუხს! ეს ხომ არაა სულის არსებობა-არარსებობაზე დავა? ამის შემოწმება შესაძლებელია!
„რა სისულელეა!“ - მესმის ორივე მხრიდან.
„და რა წოდება ჩამოგერთმევათ, რომ ეს გააკეთოთ?“ - ვპასუხობ მე - „თუნდაც იმიტომ, რომ მეორე მხარე დააჯეროთ, მათი ნაწილი მაინც. და ეს ნაწილი შეიძლება ათასობით ადამიანი იყოს!“.
ეს ძალიან მარტივია:
1. ინფიცირებული ეზიარება (400-ზე მეტი ინფიცირებულიდან ბევრი იქნება მაზიარებელი მორწმუნე) და შემდეგ კოვზი შეისწავლება მასზე ვირუსების არსებობის მხრივ.
2. იმ იერარქს ან უბრალო მორწმუნეს, ვინც აცხადებს, რომ ზიარებისას მას ვირუსი არ გადაედება (ასეთები ბევრია), ეძლევა შესაძლებლობა, ეს დაამტკიცოს - ეზიაროს ინფიცირებულის შემდეგ იმავე კოვზით.
3. მომზადდეს ორგანიზებული დაკვირვება - უკვე 400-ზე მეტი დაინფიცირებულიდან გამოცალკევდეს მაზიარებლები და დაიტესტოს იმ ეკლესიების მრევლი, სადაც ეზიარენ. ეჭვი მაქვს, რომ ეს გაკეთდა, თორემ განაცხადებდნენ. და თუ ესეც ვერ მოიფიქრეს... თუმცა არაფერია უკვე ჩემთვის მოულოდნელი.
მესმის, რომ შესაძლოა, აქ მავანმა ეთიკური პრობლემა დაინახოს - მკრეხელობა საეკლესიო საიდუმლოებისადმი უნდობლობის ან უფლის გამოცდის მხრივ. მაგრამ განა მართლა ასეა?
პირველ შემთხვევაში მოწმდება მხოლოდ კოვზი, რომელიც, მიუხედავად საღვთო მადლთან უშუალო კონტაქტისა, არაა აღიარებული თავისი არსით მადლმოსილ საგნად (როგორიც მაგალითად, წმიდანთა ნაწილებია, ან - ნაკურთხი წყალი). არავინ უარყოფს, რომ შესაძლებელია, მას ვირუსი შეეხოს ინფიცირებული მაზიარებლისაგან. ის შეიძლება გაუვნებელდეს, როდესაც კვლავ წმინდა ზიარებას შეეხება ბარძიმში. და მანამდე წინ რა უდგას მის შემოწმებას? ხომ უარს არ ამბობენ იმ ავადმყოფთა სამედიცინო გამოკვლევაზე, რომლებსაც ზოგჯერ სასწაულებრივად უდგინდებათ ხოლმე სიმსივნისაგან გათავისუფლება ლოცვის, მადლმოსილ საგნებთან მიახლების და ზიარების შედეგად?
მეორე შემთხვევაში საუბარია თავად მორწმუნეთა მოშურნეობაზე. ვიცით უამრავი მაგალითი იმისა, რომ მორწმუნეები რწმენით ეგებებოდნენ საფრთხეს. მესმის, რომ ასეთი შემთხვევები საჭიროებით იყო განპირობებული. და განა ამჟამად ამ შფოთის მოშორების საჭიროება არაა? იქნებ გაბედოს ვინმემ და დაარწმუნოს ხალხი, რომ ზიარებისაგან ვირუსის გავრცელება წარმოუდგენელია? რატომ უნდა იყოს ამ ჭეშმარიტების საჯაროდ ქადაგების წინააღმდეგი ეკლესია?
წარმოდგენილი მოდელირებით ეკლესია მხოლოოდ და მხოლოდ ნებას რთავს მეცნიერებს, დააკვირდნენ ჩვეულქმედებაგამოვლილ ობიექტებს. ეს იმდენად არც ექსპერიმენტია, რამდენადაც - დაკვირვება. ხომ სწავლობენ ტურინის სუდარას? და აქ ბევრად მარტივია შედეგის მიღება.
თუმცა არსებობს კიდევ ერთი გზა ამ გაუგებრობის ნაწილობრივ მაინც აღმოფხვრისა: ერთი კოვზით ზიარებით ინფიცირების დამშვებმა თეოლოგებმა (და ასეთები ბევრად მეტნი არიან, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ხოლო სინოდის 44 წევრს შორის მხოლოდ ერთია საღვთისმეტყველო განხრით დოქტორი), მათ შორის - იერარქებმა უნდა მოაწყონ საღვთისმეტყველო დისკუსია ამ თემაზე (მსგავსი ქმედება უკვე განახორციელა ბევრმა მათგანმა - საჯარო წერილის გამოქვეყნებით). დიახ, ეს სინოდის დადგენილების წინააღმდეგ გამოსვლა იქნება. მაგრამ სინოდი არაა საღვთისმეტყველო დასკვნის გამოტანის უმაღლესი ორგანო. შესაძლოა, ღირდეს ქრისტესთვის და სიმართლისათვის ამის გაკეთება; ცხადია - ორგანიზებულად, თორემ სათითაოდ უეჭველად დაითრგუნებიან.
და თუ ეკლესია ყველა ამ შესაძლებლობაზე უარს ამბობს (რაც, დარწმუნებული ვარ, რომ ასეა), ნუთუ თავად ექიმებში, იმ მეცნიერებში, ვისაც ასეთი დაკვირვება, ან ცდის მოდელირება ძალუძთ, არ გამოჩნდება ვინმე მამაცი, რომელიც თუნდაც ერთ ნაბიჯს გადადგამს ამ გორდიას კვანძის გადასაჭრელად?
მაგრამ მოდით, გამოვტყდები: ეს ყველაფერი უსაზმნო ოცნებაა, ვიცი, ეს. მეცნიერება ვერა და ვერ უახლოვდება რელიგიას იმ საზღვრამდე, რომელიც შეიძლება არათუ გამყოფი, არამედ - პირიქით, გამაერთიანებელი გახდეს ამ ორი პარადიგმისა. ესაა კონვენციური, შეთანხმებითი წონასწორობა. თუმცა, ჩემი აზრით, ეს წონასწორობა კი არა, უფრო - ტორტმანია. და ეს არის კომპრომისი, მიღწეული ერთი მხრივ მეცნიერული სიმართლისადმი, ხოლო მეორე მხრივ - ქრისტესადმი, როგორც სიმართლისადმი ზურგის შექცევით.