top of page

თინათინ ქავთარაძე: #გზაში_1


არანაირი იძულება – სარწმუნოებაში! გარჩეულია ჭეშმარიტი გზა გზააბნევისგან. ხოლო ვინც არ დაუჯერებს ტაღუთს და ირწმუნებს ალაჰს, მოეჭიდება მტკიცე თოკს, რომელსაც ერთი ნაპობიც კი არსადა აქვს. ალაჰი ყოველისგამგონეა, ყოველისმეცნიერი.

ალაჰია მეგობარი მათი, ვინც ირწმუნა; გამოიყვანს მათ სიბნელიდან სინათლეში. ხოლო მათი მეგობარი, ვინაც არ ირწმუნა, ტაღუთია. ისინი არიან ცეცხლის ბინადარნი. იქნებიან იქ მარადიულნი.

წმინდა წიგნი

ყურანი - სურა II (256,257)


ბავშვობა სილაღეაო, თუმცა არ ვიცი... მე ბავშვობიდან ტვირთმძიმედ მოვდივარ. კი არ მოვდივარ, მოვლასლასებ. ჩემმა მშობლებმა რაც დამაკლეს, ბებია-ბაბუებმა და ნათესავებმა აანაზღაურეს. მორწმუნე უნდა იყოო, ღვთისმოშიშიო, უფლის მგალობელი ფრინველიო. ეს უკანასკნელი ალბათ იმიტომ, რომ კარგი ხმა მქონდა, მაამებლად გაისმოდა ხოლმე ჩვენი სოფლის ჭალაზე. სიხარული მე არ მახსოვს, ან კი ვინ მოგცემდა გალაღების ნებას. ერთი ფეხბურთით თუ შევიქცევდით ხოლმე თავს უბნის ბიჭები და იმასაც არ მაცდიდა დედა - მომეხმარეო. უნდა დაეხმარო მშობელს, განა არა, მაგრამ ისე იცოდა დედაჩემმა ხასიათის გაფუჭება, მე რომ ჩემს მეგობარ-ამხანაგებზე მელაპარაკებინებოდა, ის ღვთის სადიდებელს ამბობდა, ან ბებიაჩემს სწყევლიდა.



მამა არც იკითხოთ. დღემუდამ იმას მიკიჟინებდა გვარის გამგრძელებლი ხარ, ჩემი პირმშოო. პირმშოობის კანონებს ძალიან იცავდნენ ჩვენს სოფელში. დაწერილი არ მინახავს არსად, თუმცა ზეპირსიტყვიერი წესები უფრო ძლიერია და ბობოქარი. არავის ეპატიება მათი აღუსრულებლობა. ხშირად, მიფიქრია: ნეტავ, ღვთის მიმართ მკრეხელობა უფრო დასაგმობია, ჩვენში, თუ ამ დაუწერელი წესების უარყოფა-მეთქი. ვიცოდი, რომ მამაჩემის ვაჟი ვიყავ და პირველობა მომეთხოვებოდა, სახლშიც და კარშიც. კარგად უნდა მესწავლა, რათა მამაჩემს ჩემით თავის მოწონება შესძლებოდა, თუმცა ძალიან ბევრი კითხვაც არაა კარგი. ისეთად უნდა ჩამოყალიბდე, რომ თან ჰგავდე ყველას და იმავდროულად, გამორჩეულიც იყო. მამაჩემის ძმაკაცები როცა მოვლენ და დამიძახებენ ლექსების თქმა უნდა შემეძლოს, თუმცა საკუთარი ადგილი მახსოვდეს და არასდროს ჩავერიო მათ განსჯაში ღმერთისა, თუ სამყაროს შესახებ.



მეოცნებებოდა ერთი მოყვარული ადამიანი, რომელსაც დაელაპარაკები და გაგიგებს, რაღაცნაირად გულს გეფონება, მოგეშვება შენი ბეჩავი, გაუხარელი ბავშვობის სევდა. ქალაქზე ვფიქრობდი დღემუდამ. იქ მეიმედებოდა საყვარელი თანამოაზრის პოვნაცა და ჩემი ოჯახისაგან თავდახსნაც. აბა, რას წარმოვიდგენდი ასე რთული თუ იქნებოდა ქალაქი? კიდევ უფრო ჭრელ ხალხში მომიწია თავის გატანამ და ურთიერთობამ, თუმცა ჩემი, ჯერ კიდევ გაულეველი, ბავშვობის ოცნებებმა თავი არ მანება და ერთი გოგო ამოვიჩემე. ისეთი თეთრი და ნაზი, ჩვენს ოჯახში რომ არ იპოვება. მომთხოვნი კი იყო ესაც დედაჩემივით, მაგრამ სხვა რაღაცებზე მაფიქრებდა. რაც მთავარია, მისთვის ჩემი მრწამსი უცხო ხილი იყო და ღმერთზე რომ ველაპარაკებოდი, ისე გაყუჩდებოდა ხოლმე, გულში მინდოდა ჩამეკრა. რა ვიცოდი, მაშინ, ან ღმერთისა და ან ქალაქელი გოგოსი... რა ვიცოდი, რომ შეიძლება ის სიმძიმე ტვირთები ბავშვობაში რომ აგკიდეს, შენი ნებით ჩამოინთხლიო ზურგიდან და ისე გაბრაზდე, აღარც არასდროს დათანხმდე მათ ხელახლა ტვირთვას. ჩემი ტვირთი იქ დავტოვე, სადაც მე და ჩემმა სათაყვანებელმა გოგომ ვერც ერთმანეთის აზრები გავიზიარეთ და ვერც სარეცელი. ჰო, იქ დარჩა მამაჩემის წმინდა წიგნები და დედაჩემის არაკებიც.



გავბრაზდი და ახლაც ვბრაზობ. პირველ რიგში კი, დინ მორიარტიზე. ჰო, არის ასეთი პერსონაჟი ჯეკ კერუაკის წიგნში გზაზე. დინის გამო ვიჩხუბეთ მე და ჩემმა გოგომ. დინმა ამირია გზა და კვალი, მან წამართვა ჩემი ცხოვრების სიყვარული, ნაზი და თეთრი გოგო, ჩემს სოფელში რომ არ იპოვება ისეთი. მე არ მესმოდა რა აზრი აქვს მოგზაურობას იმ პასუხების საძიებლად, რაზე პასუხიც წმინდა წიგნებში უკვე წერია? წმინდა წიგნებში კი არა, წმინდა იმამებმაც გვიანდერძეს. არ ვიცი... დინ მორიარტიზე ხუთდღიანი ფიქრის შედეგი იყო ალბათ, ე.წ. ანდერგრაუნდში რომ ამოვყავი თავი, თანაც ჩემივე ნებით ჩავედი მიწისქვეშეთში.


***

იქ, არც ისე შორეულ აღმოსავლეთში, რომელიღაც მორწმუნემ, ალბათ, მართლაც დასვა შეკითხვა: როგორ მოიქცეს, თუ ლოცვის დრო მაშინ მოაწევს, როცა უნიტაზზე ზის? დიდი აიათოლა იმად იყო უწმინდესი და უნეტარესიც, რომ მას უკვე ჰქონდა მზა პასუხები ყველა სავარაუდო შეკითხვაზე. აიათოლამ, ალბათ, აღმართა ხელი და ჩაფიქრებული გამომეტყველებით წარმოთქვა: მორწმუნეთ შეუძლიათ ოდენ შემოტრიალდნენ მექის მხარესო. აი, ახლა ვზივარ უნიტაზზე და ვფიქრობ, ნეტავ, საით არის მექის მხარე, მაგრამ აშკარად არ ვიცი. ვუყურებ ჩემს მობილურს და ვფიქრობ იმ აპლიკაციაზე, ტელეფონში რომ ჩამოვტვირთე. ვიღაც დალოცვილმა მოიგონა: კომპასივითაა. ჩართავ და მექის მხარეზე მიგანიშებს. ჰოდა, იმას მოგითხრობთ, რომ აპლიკაციას ვეძებ. ჩემს ტელეფონში თურმე ლოცვანიც ყოფილა ჩაწერილი და რა თქმა უნდა, ფსალმუნნიც. არადა, მახსოვს, ის ბიჭი გავაფრთხილე, არ ჩამიწერო ეს ლოცვანის აპლიკაცია, არ ვარ მართლმადიდებელი-მეთქი, მარა ჰა… ეს ის ქვეყანაა, სადაც შენი არ ესმით, სადაც არ გელოდებოდნენ, სადაც არ სჭირდებოდათ შენი დაბადება, სადაც ზედმეტი იყავი დედისთვისაც კი. ჰოდა, აიფონის ძვირფას მაღაზიაში მომუშავე ბიჭს რომ არ მოესმინა ჩემთვის, რა გასაკვირია.

ნეტავ, დინ მორიარტის თუ ჰქონდა რამეზე პასუხი? ერთ ჩემს შეკითხვაზე მაინც? ის ნამდვილია, რომ არ ჰქონდა აიფონი, არც კომპასის აპლიკაცია, რომელიც მექის მხარეს ეძებს და არც ლოცულობდა. დინი ცოდვილი იყო. ცოდვილები თავიანთ გზას თვითონ ეძებენ და მეც ცოდვილი უნდა გავხდე საიმისოდ, რათა დინს გავუგო.

აიათოლაც ხომ ჩემი ერთ-ერთი ტვირთია, უნდა ჩამოვიხსნა და დავტოვო. დინს არ ჰყოლია მასწავლებლები. ავტორიტეტები დატოვეო, ჩემი თეთრი გოგოც მეუბნება. თუ გზაზე შედექი, უკვე იცი, რომ რაღაცას ეძებ. მე კი ჯერ გზაში ვარ. ვგრძნობ გაურკვევლობას, დაბნეულობას და თვალებში მიბნელდება, ყველაფერი ისეთი უცხოა და საშიში…აიათოლასაც ვეღარ მოვუხმობ საშველად და რადგან ცოდვილი ვარ, ვეღარც ღმერთს დავუძახებ. ნეტავ, ამ გზაში, ლოცვა თუ შეიძლება?

***

ამოვდივარ მიწისქვეშეთიდან. ფეხით მივდივარ სახლამდე, ასე ჩავიფიქრე.

მე გზაში ვარ და ყველაფერი დინ მორიარტის ბრალია.

რატომ წაიკითხე, ქალო, ჯეკ კერუაკი?!

არ დასრულდება აქ ეს ყველაფერი, ვიცი, კიდევ ბევრი წიგნია წასაკითხი.

რაც არის - არის, უკვე გზაში ვარ.

ვხედავ წარწერას: “ბელეტაჟი”. ხალხი ჟრიამულობს. ხომ არ შევიდე? მაგრამ რა იქნება შემდეგ? ეს დინმაც არ იცის.

დინმა არაფერი იცის, მაგრამ ის ჩემთანაა.





bottom of page