top of page

თინათინ ქავთარაძე: დიდება უკრაინას, დიდება გმირებს!_#1


“ენკანტო”, ანუ ბრუნოს დაბრუნება


ერთი წინადადება ვერ დავწერე მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, ყოველი წამოწყება, თუ საქმე გადაიფარა, თუმცა დღეს ერთმა ამბავმა შთამაგონა. ეს ამბავი შენ ხარ, ჩემო მეგობარო. უკრაინაში წასულხარ, ჩვენს ომში, ჩვენთვის საბრძოლველად. აი, გუშინწინ რომ კინოთეატრში ვისხედით მე და ჩემი შვილი, მშვიდად და დისნეის მულტფილმს ვუყურებდით, ამის დასაცავად წასულხარ. შენ ვერ იყავი ჩვენთან ერთად და სანამ მშვიდობიანად და გამარჯვებით დაგვიბრუნდები, მინდა გიამბო იმ ჯადოსნური ზღაპრის შესახებ, მადრიგალების ოჯახს რომ თავს გადახდა.



ზღაპარს “ენკანტო” ჰქვია, ანუ ხიბლი, ჯადოსნობა და მასში პერსონაჟებს დაუჯერებელი ძალით აჯილდოვებს “ენკანტო”. სანთელი იწვის და ყოველი მომდევნო მადრიგალი დალოცვილია მიიღოს ახალი შესაძლებლობა თავისი ხალხისა და მამულის დასაცავად. ბრუნო მადრიგალმა მომავლის განჭვრეტის უნარი მიიღო, თუმცა ეს მამულმა სულაც არ მიიჩნია სასიკეთოდ. “მოდი, ბრუნოზე არ ვილაპარაკოთ, არა და არა.” - დასძახა მამულმა, რადგან ბრუნო საფრთხეზე მიანიშნებდა, ცუდ მოვლენებზე წინასწარმეტყველებდა. “ჩვენ საფრთხე გვემუქრება, განა?” - დასვა შეკითხვა მამულმა და თვითონვე უპასუხა: “-არა და არა! ჯობია, არ ვილაპარაკოთ ბრუნოზე და გავაძევოთ, მერე კი დავივიწყოთ.” ამ ამბავმა შენი სიბეჯითე გამახსენა, ჩემო მეგობარო. იმ საქმისადმი ერთგულება, რომლისაც ცოტას თუ ესმის, ან გაიგებს. შენ ხომ ჩვენი მამულის ბრუნოს იცავდი! შენ იყავი ის ვინც თქვა, უნდა ვილაპარაკოთ ბრუნოზე, კი და კი. შენ ხარ “ენკანტოს” ზღაპრის პროტაგონისტი ანაბელი, ჯადოსნური ძალის გარეშე დარჩენილი, მხოლოდ ადამიანური ძალით რომ უნდა გაფანტოს სიბნელე და დაიცვას მამული. აღმოჩნდება, რომ ანაბელის ადამინურ ძალას ყველაზე მამაცი და მტკიცე გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია. მან იცის, რომ ბრუნოსი უნდა ირწმუნოს, რომ მამული საფრთხეშია და რა გადაგვარჩენს? ეკითხება ანაბელი საკუთარ თავს. ძრწის ამ ფიქრში და ბრუნოსთან ლაპარაკის შემდეგ, როცა სანთელი ქრება და მადრიგალები ჯადოსნური ძალის გარეშე რჩებიან, ხვდება “ენკანტო”, ანუ ჯადოქრობა და სასწაული კი არა, საკუთარი თავის რაწმენა იხსნის ადამიანებსაც და მამულსაც.



შენ დღეს ანაბელი ხარ იმ ადამიანებივით, რომლებიც მეთხუთმეტე დღეა ჩემთვის და ჩემი შვილისთვის იბრძვიან. შემოგნატრით, მეამაყებით, რადგან თქვენი მრწამსი სიკეთეა და თქვენი ძალა თქვენს თავშია. ამიტომ მამული გადარჩება და ბრუნოსაც სახლში დააბრუნებთ.


დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!

bottom of page