top of page

თინათინ ქავთარაძე: დიდება უკრაინას, დიდება გმირებს_#2


წერილი ჩემს მარჯანს

- არ ვიცოდი ფრანგი თუ იყავი...

- თავი დამანებე, ბებია!

- მე მხოლოდ შეკითხვა დავსვი.

- იცი, როგორი რთულია ირანელად ყოფნა? ისინი ისე გვიყურებენ, როგორც გადარეულ ფანატიკოსებს.

- და ეს საკმარისი მიზეზია, უარი თქვა შენს ფესვებზე?.. ყოველთვის გეუბნებოდი: იყავი მართალი საკუთარ თავთან.


მარჯან სატრაპი - პერსეპოლისი


მე და შენ, მარჯან, ბებია გვიყვებოდა, როცა ფილმში უსამართლობას, ან ძალადობას ვნახავდი თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ეს ყველაფერი დადგმულიაო. მახსოვს, როგორ მაგრად დახუჭე თვალები, როცა “ჯანგოს” უყურებდი და მხოლოდ ალაგ-ალაგ ახელდი. ფაქტობრივად, არც გიყურებია ფილმისთვის. მერე, ბებიაჩვენივით, თავი იმით დაიმშვიდე, რომ ეს ფილმია მხოლოდ, დადგმული იყო. ახლა კი, როცა მორიუპოლის ამბებზე გიყვებიან შენ არ ისმენ, თვალს არიდებ ახალ ამბებს, მაგრამ უნდა გითხრა, ჩემო დაიკო, მარიუპოლი ფილმი არ არის. ეს ჩვენი სინამდვილეა.


ჩემი და შენი რეალობა,


აქ და ახლა!


შენი ცხოვრებაც ისევე, როგორც ჩემი, ძველებურად მიედინება. დრო არ გაჩერებულა. ჩვენი შვილები იზრდებიან და მშვენდებიან, მარიუპოლელი ქალის შვილს კი სახეში ესროლეს. როგორი დარბაისლური სიმშვიდით ვიღებთ ამ ამბებს, არა? თითქოს, ცაზე მეხის გავარდნა იყოს, კვლავ, ყველაზე საშიში მოვლენა. ბავშვობაში, ბებია მზეშინას დამღერებით გვაძინებდა. თავისუფლების ჰიმნად კი “ჰერიო ბიჭებო” ჰქონდა არჩეული, თუმცა ახლა უკრაინის ჰიმნია თავისუფლების სიმღერა. ვიცი, შენ იმდენად გეშინია, მარჯან, რომ ძილის წინ, შენს საყვარელ გოგოს არ უმღებ უკრაინის ჰიმნს. ცახცახებ, როცა წარმოიდგენ, რომ შეიძლება შენი გოგოც ბრძოლის ველზე დაეცეს, რადგან ვერ მოესწრება “იღბლის გაღიმება”. ყელში ბურთი გეჩხირება და სუნთქვაში ხელს გიშლის, როცა ფიქრობ მტრის სიძლიერეზე და უშვებ, რომ ისინი არ გაქრებიან, “როგორც მზეზე ცვარი”. მართლაც, აუტანელი იქნებოდა ჩვენს მხარეში, ჩვენი გვარის გაქრობა, თუმცა მარჯან, თავისუფლებისთვის გამეტებული მხნეობა და ჯანი ჩვენი მოდგმის, ჯიშის არსებობის გამართლება არ იქნება? ბრძოლა იმისთვის, რომ შენმა გოგომ არ თქვას ფრანგი ვარო! რისა გეშნია, დაიკო? რა შეიძლება იმაზე უარესი მოხდეს, ვიდრე შენივ იდენტობის უარყოფაა?



ჩემი და შენი რეალობა,


აქ და ახლა!


ჰაინეს ლორელაიც უკრაინულ ენაზე ამღერდა და ყოველ მეზღვაურს თავისუფლების ჰიმნით აჯადოვებს. ოდისევსიც მარიუპოლში საბრძოლველად მიდის თავისი მშობლიური ითაკადან და პენელოპეც უშვებს, მრავალჭირნახულს.


აქ და ახლა!


ლუხუმს უხარია, ლაშარის გორზე შადგომა ეღირსა. წმინდა გიორგი ხატიდან გადმოვიდა: კმარა ამდენი უმოქმედობაო!

მე და შენ კი, აქ და ახლა მშვიდობაზე ვლაპარაკობთ. რატომ? მშვიდობა ხომ თავისუფალი ადამიანების მონაპოვარია? თავისუფლებისთვის ბრძოლა მშვიდობისთვის ბრძოლას გულისხმობს.


ჩემო დაიკო, ჩემო მარჯან, მოდი, არ შეგვეშინდეს! ბებიასი არ იყოს, შიში სახეს დაგვაკარგვინებს. ჩვენი ჯიშის ხალხის ნაკვთები, კი თავისუფლებასა და ბედნიერებას ასხივებდა მუდამ, ამიტომ ვუმღეროთ ჩვენს შვილებს თავისუფლების ჰიმნი, ჩვენს ენაზე.


“არ მომკვდარა უკრაინის დიდება და ნება,

ძმებო, კვლავაც მოგვესწრება იღბლის გაღიმება.

გაქრებიან ჩვენი მტრები, როგორც მზეზე ცვარი,

ჩვენს მხარეში დამკვიდრდება, ძმებო, ჩვენი გვარი.

სულს და ხორცს არ დავიშურებთ თავისუფლებისთვის,

და ვაჩვენებთ, ძმებო, რომ ვართ კაზაკური ჯიშის!”


გეხვევი მარჯან,

შენი თინა!

bottom of page