top of page

თინათინ ქავთარაძე: დიდება უკრაინას, დიდება გმირებს_#3



- პაპა, ბუზურაი!

- ნუ გეშინია. რასაც არ შაუშინდები, შვილო, არარი საშიში.


ვფიქრობ, შიშის დასაძლევად საუკეთესო ტექსტი სალმან რუშდის “ჯოზეფ ანტონია”. დილით რომ გირეკავენ და გეუბნებიან ნახევარი ქვეყნიერება შენს მოსაკლავად დაირაზმაო, რას იფიქრებ? როგორ მოიქცევი? ალბათ, პირველი, რასაც წარმოიდგენ არის, როგორ გკლავენ, თუმცა წიგნის პროტაგონისტი ცდილობს, რამდენადაც შეიძლება ნორმალური ცხოვრება გააგრძელოს, იბრძოლოს თავისი სიმართლისთვის. მართალია, ხშირია ღელვა, შფოთვა, შეკითხვების დასმა, საკუთარ წარსულში ქექვა და ფიქრი, რაიმე მართლა ხომ არ დავაშავეო, მაგრამ საბოლოოდ, ეჭვის ქიმერაზე იმარჯვებს რაღაც ისეთი, რაც მოუხელთებელი დარჩებოდა, რომ არა იდეების რწმენა, რაც შენს ადგილს განგისაზღვრავს სამყაროში და მიგანიშნებს - ამისთვის დაბადებულხარ!


- პაპა, მეშინია!

- რასაც არ შაუშინდები, შვილო, არარი საშიში.


არასდროს მეშინოდა ჩემი სოფლის სახლის დაკარგვის გამო. მერე რა, თუ ჩამოიქცევა? მე ხომ წინ უნდა ვიყურო, უკეთესი მომავალი შევქმნა ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის? რა ბედენაა, ერთი ქოხი, სადღაც მიუსავლეთში? ახლა მეშინია. არა, პაპა, კი არ მეშინია, არ მინდა შენი დანატოვარი სახლი დაიქცეს, არ მინდა გავერანდეს ეზო და მიდამო. მახსენდება, როგორ გამოგვცქეროდი ჭალაზე მიმავალ შვილიშვილებს. გვაცილებდი შენი ძალიან მკაცრად მოსიყვარულე თვალებით. ხარი რომ მოგიკვდა, როგორ იტირე, პაპა! შენი თვალების ჭირიმე! რატომ ვერ ვხვდებოდი, როგორ გეძვირფასებოდა შენი მიწა-წყლი? ბევრ რამეს ვერ ვხვდებოდი, ალბათ, იმიტომ, რომ თვალჩინა მასწავლებელი სკანდირებდა, როგორი დიდებული იყო საქართველო თავისთავად, მაგრამ რუსეთის შემადგენლობაში. როგორი განსაკუთრებული პატივით ექცეოდნენ ქართველებს დიდებულ საბჭოეთში.


- პაპა, მეშინია!

- რასაც არ შაუშინდები, შვილო, არარი საშიში.


მეშინოდა, რომ ისე მოვკვდები, სალმან რუშდისნაირი დიდებული მწერალი ვერ გავხდები, პაპა. ახლა კი მეშინია, არავინ წამართვას შენი დანატოვარი სახლი. ვიცი, რომ ვერცერთი, თუნდაც ყველაზე დიდებული მწერალი ვერ გამიგებს შენზე კარგად. რატომ არ ვიცოდი ეს ადრე? ნუთუ აზოვსტალის ბუნკერში უნდა ჩასულიყო კაცობრიობა, რათა გაეგო, რომ ყოველი მიზანი და ამოცანა გაცამტვერდება, ფესვების შეგრძნების გარეშე, სამშობლოსთან სიახლოვის გარეშე? პაპა, ახლა მივხვდი, რომ სალმან რუშდის თავისი წინაპრები აძლიერებდნენ. მათი დაფასებით, შეფასებითა და გადაფასებით გაუძლო.


- პაპა, მეშინია!

- რასაც არ შაუშინდები, შვილო, არარი საშიში.


გუშინ, მეგობარმა ბებიის დანატოვარი საკარაქე მაჩვენა. როგორ ესიყვარულებოდა ამ ნივთს, როგორც ბებიას მოეფერებოდა და გულში ჩაიკრავდა.

წავალ, პაპა, შენს/ჩემს/ჩვენს სახლში წავალ. მხოლოდ იმისა მეშინია, რომ შემეშინდება და ვერ დავიცავ მას. მტერი როცა მოვა, ვერ ვიმაგრებ, ვერ გავუძლებ და ჩავბარდები. მივხვდი, რომ შიში აქ და ახლა მხოლოდ ერთადერთია: დანებების, ფარ-ხმალის დაყრის. რას მეტყვი, პაპა? რას დამარიგებ ახლა? რით დავძლიო ეს ოხერი? შემიძლია ვივარაუდო, რას მეტყოდი: ილოცე, შვილო. ილოცე გულით და შაისმენს. ვიცი, პაპა! წმინდა გიორგის მადლმა, ვიპოვე ჩემი სალოცავი სიტყვები, აზოველების ფიცი:


"უკრაინავ, გმირების წმინდა მიწავ,

შემოდი ჩემს გულში...


…მოიტანე ჩემამდე ციხეებში,

სარდაფებში და გადასახლებებში წამებულთა გოდება,

რომ ჩემი რწმენა შეიქმნას გრანიტივით მტკიცე;

რომ თავი დავდო შენთვის;

რომ უშიშრად წავიდე საბრძოლველად,

როგორც მიდიოდნენ შენი გმირები,

რომლებიც ბოლომდე იბრძოდნენ შენთვის,

შენი დიდებისთვის, შენი წმინდა იდეებისთვის...


ცეცხლი წაუკიდე ჩემს გულში ყველა სისუსტეს,

რომ არ ვიცოდე, რა არის შიში, რა არის მერყეობა;

გააძლიერე ჩემი სულისკვეთება,

გააკაჟე ჩემი ნებისყოფა, დასახლდი ჩემს გულში!

აღმზარდე ნათელი საქმისთვის,

თუნდაც იმ საქმეში ვპოვო სიკვდილი...”


აზოვის ბატალიონის საბრძოლო ფიცი (მთარგმნელი: ნანა აკობიძე)


bottom of page