მე მაქვს ოცნება, რომ ყველა ადამიანი თანასწორი იყოს.
მარტინ ლუთერ კინგი
ამ, ქვეყანაში ადვილია აკეთო რაღაც, რადგან აქ არავინ არაფერს აკეთებს.
ჩემი მეგობარი
დედამიწა რომ გაყინულიყო და აღარვინ გადარჩენილიყო, რაზე/ვისზე გაიფიქრებდნენ უზურპატორები დაღუპვამდე? ჩემზე და შენზე? კი: როგორი ცუდია, აღარავინ რჩება სამართავიო. მე და შენ დავიხოცებოდით მართულები და გაღეჭილები.
დედამიწის აღსასრულამდე კი, მე და შენ რომ ვლაპარაკობდეთ, მეტყოდი რა აზრი აქვს ბრძოლას, დიადნი ამა ქვეყნისა უჩვენოდ გადაწყვეტენ ჩვენს ბედსო, ხელოსნების საქმე ხელოსნობაა, ყველას იყიდიან, დააშინებენ და ბოლოს და ბოლოს, რად გვიღირს? რომელი მარტინ ლუთერ კინგები ჩვენა ვართო?
...მაგრამ შენც შეგაწუხებდა, რომ მართულები ვართ და ვსუქდებით, თუმცა შეეგუებოდი. მე კი გიპასუხებდი, რომ მინდა არავინ ვიყო, არც ხელოსანი და არც უზურპატორი, არც შენნაირი, არც მარტინ ლუთერ კინგი. მე მხოლოდ ის მინდა, ცხოვრების შანსი მქონდეს მანამ, სანამ დედამიწა გაიყინება და ყველანი დავწყდებით. მინდა ძებნისა და პოვნის შანსი მქონდეს თავისუფალ გარემოში, თავისუფალ ქვეყანაში და არ დამღეჭონ უზურპატორებმა. მინდა ვაკეთო რაღაც და არა წარმოვჩინდე მაშინ, როცა არავინ არაფერს აკეთებს. მინდა ცოტა ვჭამო არა იმიტომ, რომ არ გავსუქდე და სტანდარტები დავიცვა, არამედ იმიტომ, რომ სხვაგან მიმეჩქარება, სხვა სიამოვნებები მელოდება. არ ვიცი სად იქნება ეს სიამოვნება: სამყაროს გადარჩენაში, თუ გაქცეული გოჭების პატრონებთან დაბრუნებაში, მაგრამ მე მაქვს უფლება ვიპოვო ბედნიერების წყარო, დონატების გარეშე. შენთან კი რა დამრჩენია? თავის მოტყუება იმის გამო, რომ ძლიერთა ამა ქვეყნისათ არ მძლიონ; შიში და დავიწყება, გადაყვარება და გულგრილობა, გასუქება და მაღალი არტერიული წნევა.
სამყარო არ გაიყინება. ყოველ შემთხვევაში, მოსალოდნელი არ არის მომდევნო ორ თვის განმავლობაში, მაგრამ მოსალოდნელია შიში და ძრწოლა, წინაშე დიადთა ამა ქვეყნისათა. ასევე, გარდაუვალია გასუქება, ნაყროვანება და საკუთარი თავის სიძულვილი, ზიზღი, რომ ვერ ვპოულობთ უფრო მნიშვნელოვანს ვიდრე დონატია, ვერ ვიტკბობთ ვერაფერს უფრო ნეტარს, ვიდრე ჩვენი ყიდვისთვის განკუთვნილი მცირე თანხით შეძენილი ,,კრემიანი პონჩიკია’’.
რატომ ვსუქდებით? იმიტომ, რომ იდეებზე უარს ვამბობთ? იმიტომ, რომ გვყიდულობენ? იმიტომ, რომ ჭამით სიამოვნებას ვიღებთ? - No, იმიტომ, რომ გამოგვაცალეს ყველაზე მნიშვნელოვანი: საკუთარი თავით ტკბობის შესაძლებლობა. ეს უკანასკნელი კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიღწევადი, თუკი შენს მიწაზე, საკუთერი ძალებით საკუთარი თავისა და სახლის აშენების უფლება არ გაქვს მოსაპოვებელი.
...და რომ არ გავსუქდეთ: მანამდე, სანამ დედამიწა საბოლოოდ გაიყინება და ყველას ამოგვწყვეტს სიცივე, იქნებ თანასწორად შევთანხმებულიყავით უზურპატორების გარეშე ცხოვრებაზე, შიშის დამარცხებაზე, ქრთამის დაუარებაზე. რა შუაშია აქ გმირობა, ან მარტინო ლუთერობა? ჩვენ ხომ უბრალოდ არ გვინდა, გავსუქდეთ? ჰოდა, დიეტა ვერ გააამართლებს! მხოლოდ ტირანების დამარცხება, საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღება იქნება სიგამხდისა და სიჯანსაღის ფორმულა.