კაცი თავია, ქალი - კისერი
ქმარი თავია, ცოლი - კისერი (ანუ, როგორც გენებოთ)
ქართული სიბრძნე
ბებიაჩემი დღესაც ამ ფრაზითაა წარმოდგენილი, როცა მოხდენილ ქალებს ემასლაათება, ფინჯან ყავასთან. ქალებიც ჯერ თავის კანტურით ეთანხმებიან, მრავალჭირნახულ ბებოს და შემდეგ გაუდგებიან გზას თავიანთ ქმრებამდე. ქალებს მუდამ ახსოვთ კისრისა და თავის ამბავი, რადგან შეიძლება ქმარი (არ გიყვარდეს რა მოსატანია) არ გევასებოდეს, გესამარცხვინოვებოდეს კიდეც, მაგრამ იცი, რომ შეძლებ “გამოასწორო”.
ათი წლის წინ, ჩემი ერთ-ერთი დაქალი პირველად გათხოვდა. სასიძო არც სადაქალოს მოსწონდა და არც სანაცნობოს, მაგრამ ჩვენ, ყველანი ერთად და თითოეული ცალ-ცალკე, ვსკანდირებდით: “ბიჭი კარგი მასალაა და მისი გამოძერწვა შეიძლება”. რა იგულისხმება? თუ გაქმარების შემდეგ, სამსახურს არ იპოვის და ოჯახს არ შეინახავს, ცოლი დააბულინგებს იმით, რომ უნდა ახალი აიფონი, ან ახალი კაბა. კი, შეიძლება ქმარმა შემოატრიალოს და უთხრას, შენ თვითონ იმუშავეო, მაგრამ ამ შემთხვევაში ცოლი ფაქტზე დაფუძნებულ არგუმნეტს მოიშველიებს, რომ შვილები უნდა გააჩინოს და შემდეგ მოუაროს. ასე, ნელ-ნელა შეიქმნება კიდევ ერთი ქართველი ქმარი, რომელსაც ცოლის სადღეგრძელოს წარმოთქმისას ტანში გასცრის სიმწრისგან, მაგრამ მოსულა. ცოლის პატივისცემა უნდა ჰქონდეს კაცს, ისევე როგორც დედის. სიყვარული კი არა - პატივისცემა. ჰოდა, რას ეფუძნება ეს პატივისცემა? ნაბახუსევზე და არამხოლოდ, ტვინის ბურღვისგან გამოწვეულ გულძმარვის შიშს. მოიქნევს მერე კაცი ხელ-ფეხს, აბა არ მოიქნევს? ეს არ არის რიტორიკული შეკითხვა და პასუხი შეკითხვის დასმამდე უკვე გავეცი. კაცის გამოძერწვა, თუ ტრიალი, თუ გამოქანდაკება სწორედ მისი მრავალგზის, ბეჯითი შერცხვენით შეიძლება და ქართველი ცოლებიც როგორ დაიზარებენ ამ კეთილშობილურ საქმეს? გადავუხვიე....
ჰოდა, ჩემი დაქალი რომ პირველად გათხოვდა და გაყვა ბიჭს, რომელსაც არაფერი სჭირდა, გარდა იმისა, რომ სამსახური არ ჰქონდა, ანუ რაც მთავარია, არც ლოთი იყო და არც ნარკომანი, ორ თვეში ერთმანეთი ისე გალახეს, რომ ალმოდოვარის ფილმებში ასახული ძალადობები, იავნანად მომეჩვენა. ალმოდოვარის იმიჯებითაა ჩემი თავი სავსე და მაინცდამაინც, ნუ დამზრახავთ. გალახულმა ცოლმა, რომელმაც უმალ თავის სხვა დაქალს მიაშურა და კიდევ სხვა დაქალები გამოიძახა, ჩემი ჩათვლით. დავსხედით და დავაყენეთ არაფრისმთქმელი შეკითხვების კორიანტელი: “როგორ იკადრა? როგორ გაბედა? როგორ გაგიმეტა? იმდენი “როგორ” ითქვა იმ საღამოს, ნაგვემი გოგონა სულ უფრო მეტად აკანკალდა. ზოგიერთებს გულში გვიხაროდა კიდეც, ვისაც დაგვასწრო გათხოვება: ასეც მოგიხდება, სულელო, აბა რა გეგონა? ცხადია, ამ შემართებით ვერ დავამშვიდებდით და უფრო პირიქითაც, მაგრამ ერთზე კი შევთანხმდით: დედაშენმა უნდა გაიგოს!
სანამ დედა, ანუ სიდედრი მოვიდოდეს ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. ჩემმა რომელიღაც ქმარყოფილმა მითხრა, ე.წ. თაფლობის თვის შემდეგ: შენ ოჯახი სიამ-ტკბილობა და ბედნიერება არ გეგონოს, ოჯახი მძიმე შრომაა და ბოდიში, თუ ყოველ დღე სიყვარული და მოფერება არ იქნებაო. კი ვიფიქრე, ხომ არის ღირსი, ჩავარტყა რამე ბლაგვი თავში-მეთქი, მაგრამ 10 წამის შემდეგ ისე შემეცოდა, უფრო სწორად, შემებრალა, რადგან გამახსენდა წინა დღით როგორ გავუწვრილე ნერვები, შენ რა კაცი ხარ, შენივ ხელფასიდან ფულს არ მაძლევ-მეთქი. ეჰ, ან მე რატომ გავჩნდი კისერად და ან ეს დასაწვავი და ჩასაქვესკნელებელი სიბრალული რად ჩაემხვევია გულში? ეს კი არის რიტორიკული შეკითხვა.
მოვიდა დედა, ანუ სიდედრი და თავისი მსჯავრი მას შემდეგ გამოგვიცხადა, რაც ზედმიწევნით დააკვირდა ქალიშვილის სილურჯეებს. ვერდიქტ: შვილი უნდა გაუჩინო, რაც შეიძლება მალე! და იქვე ახსნაც მოაყოლა: აბა, რა გეგონა, რომ არ ისწავლე და ადვილი ცხოვრება მოინდომე? ვინ აგიწყობს მომავალს? მე? კარგი მასალაა ეგ ბიჭი, მაგრამ შენ არ ვარგიხარ, ლაპარაკი არ იცი და სწორი მიდგომა. გააჩენ შვილს და მერე გაშორდები. სახლი შეგრჩება და თავიანთ შვილიშვილს იმის მშობლები არ მიატოვებენ. ასე და ამგვარად, გოგო დააბრუნეს თავის ქმართან, რათა კისრად გაეგრძელებინა მსახური. ვაი რომ, არც გოგოს და არც ბიჭს აღარ სურდათ თანაცხოვრების გაგრძელება, მაგრამ მშობლებმა დაუქნიეს თითი ორთავეს. მართლაც, რა ეგონათ, ოჯახი ბედნიერებაა? ტვინის ბურღვას ვინმე აცდენილა? ვინმე გადარჩენილა ცემა-ტყეპას?
დედა-სიდედრის ვერდიქტის შემდეგ, სადაქალო დაიშალა, წავიდ-წამოვიდა. გულში კი იმედი კიაფობდა, ერთი ღვაწლმოსილი მწერლისა არ იყოს. იმედი იმისა, რომ აი მე, უფრო შემძლე კისრად გამოვდგები, ვივარგებ, უფრო ღონიერი ვიქნები, ან დამყოლი თავი შემხვდება. მე სხვანაირი ბედი მექნება, არავისი მსგავსი. მე ხომ ასეთი განსაკუთრებული ვარ. ამ ილუზიების დასასრული თუ გაინტერესებთ, გადაიკითხეთ აბზაცი #4: ვაი, რომ არავინა ვართ განსაკუთრებული.