top of page

ნანა ლომიძე: საერთო სიცოცხლე

Writer's picture: Nini ChachiaNini Chachia


ფემიციდის სტატისტკის მიხედვით საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში მოკლულია 80 ქალი. ისინი ვეღარაფერს იტყვიან. დაიბადნენ. უხაროდათ. ოცნებობდნენ. ყველაზე სასოწარკვეთილ წუთებშიც იმედიანად იყვნენ, რომ...რაღაც შეიცვლება. ვერ გადარჩნენ. სწორედ ამ ვერგადარჩენილების სახელით, არ გაქვს უფლება მოითმინო, არ გაქვს უფლება არ იყვირო, არ თქვა, არ გააჟღერო, რათა შენს შემდეგ ქალებს, ან იმ სხვა გოგონებს, ჯერ ქალები რომ არ გამხდარან, არ წაართვა მთავარი, სიცოცხლის უფლება.


ქალები, რომლებიც ითმენენ, რომლებსაც ფაქტობრივად სულ კლავენ, ექვსჯერ წაქცეულები შვიდჯერ დგებიან, იმის იმედით რომ რაღაც შეიცვლება. ზოგჯერ, როცა გაუსაძლისია, ისინი გარბიან. გამოქცეულებისთვის დროებითი თავშესაფრები არსებობს, სადაც შეგიძლია შვება იგრძნო, გაიგო რისი უფლება გაქ და რისი გაკეთბა შეგიძლია. აქ მოხვედრილი ყველა ქალი, თითქოს ერთია, უფრო ზუსტად, ერთ ამბავს ყვებიან, თითქოს ერთი იწყებს, მეორე აგრძელებს.. მესამე ამთავრებს. უხილავი ძაფით გადაბმული ათასი ქალის ბედი.. სადაც ერთერთის გაბედულ ნაბიჯს, შეუძლია იმ ცხრაასოთხმოცდაცხრამეტის ცხოვრება შეცვალოს. მოძალადე კაცებიც თითქოს ერთი მამრია, რომელიც ქალს სიცოცხლის უფლებას ართმევს.



რატომ ითმენს ქალი


რისი იმედი აქვს. რატომ ჰგონია რომ „შეხორცებული ჭრილობა“ და სისხლი რომელიც ჩამოიბანა, ან შრამი, რომელიც გაფერმკრთალდა, გავლენას არ ახდენს დღევანდელობაზე. ეს ხომ ის დროა, როცა სიცოცხლის წუთებს ხელშესახებად გავდივართ. უხილავი ტყვიების წვიმაში როგორი ქოლგაც არ უნდა დაიჭირო, რა ლაბადაშიც არ უნდა გაეხვიო, მაინც დაჭრილი ხარ. ეს ქალები განმარტოებულნი, ბნელ ოთახებში უხილავ ტყვიებს საკუთარი ხელებით იღებენ სხეულიდან და უნიტაზში უშვებენ, რომ არავინ დაინახოს, მაგრამ ტყვიის სიმძიმეს წყლის დინება ვერ ერევა, ვერ რეცხავს და ზედაპირზე რჩება.

ქალი თითქოს ფეხსაცმელია, რომლითაც გაირბენ, ან უბრალოდ ივლი, ის ზოგჯერ ქუდია,რომელსაც თვალებზე ჩამოიფხატებ და იქ, შიგნით თავს მყუდროდ გრძნობ.ან ბურთია, ააგდებ, გადააგდებ, აიღებ.. ისევ მოისვრი, როგორ ხასიათზეც ხარ. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი კაცები, ხშირად უმძიმეს დანაშაულს სჩადიან ისე, რომ თვითონაც ვერ ხვდებიან. ერთი ქალი მახსენდება, რომელსაც ქმარი 12 საათიდან დილის 6 საათამდე სცემდა. რატომ აკეთებდა ამას? ერთი ფრაზა ყველაზე მეტად დამამხსოვრდა, „როცა კარგ ხასიათზე ვიყავი, როცა ვიღიმოდი....“


......„სექსუალური ძალადობა გქონდათ?’’ „იცით, როგორაა, როგორც ჭამა არის ჩვეულებრივი ყოველდღიური მოთხოვნილება, გგონია, რომ უფლება არ გაქვს უარი უთხრა. რომ ასეც უნდა იყოს. შეიძლება სირცხვილია ამის თქმა, როგორ შეიძლება გცემდეს ადამიანი და ეს შენი ცხოვრების წესი იყოს. ასე ხდება, ერთხელ როცა მოითმენ, სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ , მერე უკვე ვეღარ აღწევ თავს“ (რამდენიმე ტიპის ძალადობა არსებობს, სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება, დამამცირებელი მოპყრობა, ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელიც საკმაოდ ფარულია. და სექსუალური ძალადობა სხვადსხვა ფორმით გამოხატული. სქართველოში არც კი განიხილება, რომ ქალს უფლება აქვს ქმართან სექსზე უარი თქვას, თუ მაინც ხდება კონტაქტი, ამას ძალადობად არ აღიქვამენ.) ეს „სათუთი’’ უწყინარი ნათქვამი „მოითმინე“ ბოლოს მკვლელობით მთავრდება. რატომ უნდა გაუძლო ასე მუდმივ , უსამართლო, უსაფუძვლო შეურაცხყოფებს?. „ ბევრი ვითმინე ბავშვების გამოო...“ ახლა, სწორედ ეს ქალი, და ეს ფრაზა გამახსენდა. ჭირდებათ ბავშვებს ასეთი მსხვერპლ შეწირვა? საზოგადოებრივი აზრის გამო, მშობლების გამო, ხვალინდელი დღის გამო, შორეული მომავლის გამო, მაშინ, როცა ახლო მომავალიც ბუნდოვანია. ბევრ ქალს შევხედრილვარ (თავშესაფარში). საქრთველოში ხშირად, ქმარი ცოლის ცხოვრების ბატონ პატრონია. ის უკანონებს ცხოვრების სტილს, ყოველდღიურობას, უფლებებს, აფინანსებს.(ზოგჯერ არც.) ქალიც თანახმაა. შეგუებულია . შეჩვეულია. თვლის რომ ასეც უნდა იყოს. საზოგადოებისთვის ეს სურათი მისაღებია. არავინ ფიქრობს რომ ამ მორჩილებით, მოთმინებით ტრაგედიები ხდება. ფსიქოლოგიური ძალადობით თვითმკველობამდეც კი მისულან. მინახავს ასეთი ქალებიც.


დარეკე 112 ში, „ არასდოდეს მისცე შიშს უფლება რომ გაგაჩუმოს“


მიუხედავად იმისა,რომ ყველა ვხედავთ, როგორ სცემენ ქმრები ქალებს, უმეტესობა არც პატრულს იძახებს და არც ცხელ ხაზზე რეკავს, რადგან ეს ჯერ კიდევ „ოჯახის“ ამბად მიგვაჩნია. ქალმა უნდა იცოდეს რომ არსებობს კანონი, ოჯახური ძალადობის შესახებ, რომლის მიხედვითაც არსებობს ორი მექანიზმი. შემაკავებელი და დამცავი ორდენი. არსებობს უფრო მარტივი გზაც უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე სადაც ყველაფერს აუხნიან.

„როცა დალევს სხვა ადამიანად იქცევა და ყოველთვის იწყებს დანის ტრიალს“... „მეშინია, კინაღამ ბავშვი კიბიდან გადმომიგდო“.... „ისე მცემდა, ისე მტკიოდა... დანა ავიღე და ვერ გავბედე...“ „აქ ყველაფერი ჩემია, შენ არაფერი გეკუთვნის.. ჩემი სახლია..“ „ყვირის და მირტყამს“.... „საკუთარი სუფრა“ ასე ერქვა გამოფენას, რომელიც რამდენიმე წლის წინ გალერეა „ნექტარში“ ვნახე. დამამახსოვრდა. ავტორები მხატვარი თამუნა ჭაბაშვილი. აგნეშკა დუდრაკი ( ორგანიზაცია ძალადობისგან დაცვის ეროვნული ცენტრი. პოლონეთი შვეიცარია). ავტორებმა სუფრაზე „მოათავსეს“ ის, რაც არასდროს ხვდება, გენდერული ძალადობის მსხვერპლთა ისტორიები. ( ასეთ თემაზე გამოფენები, შეხვედრები რაც შეიძლება ხშირად უნდა იმართებოდეს). სწორედ აქ ვნახე, კიდევ ერთი, თუ მერამდენე ქალი, ფარდის მიღმა, ჩამქრალი თვალებით, თავის ისტორია რომ მომიყვა. „ ჩემი ისტორია ჩემთვის მძიმეა, შეიძლება ვიღაცისთვის ნაკლებად მძიმე იყოს. 16 წლის გავთხოვდი. 20 წლისას უკვე სამი შვილი მყავდა. არაფერში ვეწინააღმდეგებოდი... ერთხელაც ფსიქიკური პრობლემები დამეწყო. ხმები მესმოდა. მივხვდი ერთერთი ცემის დროს მომკლავდა, ან ფსიქიატრიულში წამიყვანდნენ, შემეცოდა ჩემი თავი, მოვკიდე ხელი ბავშვებს და სოფელში წავედი მამაჩემთან. გაუსაძლის პირობებში დიდხანს ვერ გავჩერდით. დღესდღეობით ნაქირავებში ვარ. დავაღწიე თავი ამ ყველაფერს, აღარავინ აღარ მცემს, მაგრამ ამის საფასურად მომიწია ჩემი ანგელოზი შვილების დათმობა. მასთან ცხოვრობენ. მიმტანად ვმუშაობ .თვითმკვლელობის მცდელობაც მქონდა. როცა ბავშვებს ვაკითხავ, სახლში არ შევდივარ. გარეთ გამოყავთ. იქიდან სულ ატირებული მოვდივარ. რაც ჩემ დღეში მყოფი ქალებისთვის კეთდება, კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ ჯერ მაინც არ არის სრულყოფილი. ზერელეა . სახელმწიფო არ აქცევს მაინც ყურადღებას“.




რა უნდა ქნას სახელმწიფომ


ბოლო წლებში ფემიციდის მზარდი სტატისტიკის გამო, ქალთა უფლებადამცველებს და იურისტებს სურთ, რომ „ფემიციდი“ საქართველოს საკანომდებლო სივრცეში დეკლარირებულ ტერმინად გაჩნდეს. სიტყვა ფემიციდი საქართველოში 2014 წელს გახდა აქტუალური. იმ წელს ყოფილმა ქმრებმა თუ პარტნიორებმა 20 ზე მეტი ქალი მოკლეს. მათ შორის ილიას სახელმწოფო უნივერსტეტის ლექტორი მაკა წივწივაძე. სულ ახლახანს თელავში 26 წლის ქალი მოკლეს, ის მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. კაცი ქალს თურმე ოთხი თვის განმავლობაში ემუქრებოდა. დაკავებულს შემაკავებელი ორდენი ქონდა გამოწერილი. გირაოთი გაანთავისუფლეს ( 2000) ლარით. მოძალადე კაცების გირაოთი გამოშვება ხშირად ხდება. შემაკავებელი ორდენი, ვერ აკავებს მოძალადე კაცს. ქალები ამით უფრო დაუცველები ხდებიან. აშინებთ შურისძიება. ერთი წელია, რაც ელექტროსამაჯურები დაინერგა, პარლამენტმა კანონში შეტანილი ეს ცვლილებები მიმდინარე წლის ზაფხულში დაამტკიცა. მსხვეპლი ქალების მოძალადისგან დასაცავად. სამაჯური წესით ეფექტური უნდა იყოს , როცა მოძალადე უახლოვდება და გარკვეულ პერიმეტრში შედის, ავტომატურად იგებს ქალი ამას და პოლიციაც. არსებობს ეს სამაჯურები და არ იყენებენ. აღჭურვილობის ტექნიკური პრობლემები, „ცრუ განგაში“ ამცირებს ნდობას. ასევე არსებობს გამოძიებების ეფექტურობასთან დაკავშირებული პრობლემები. არ არსებობს ქვეყანაში პირველადი პრევენცია. „მე პრევენციას ვერ გავაკეთებ, ოჯახის წევრები თვითონ ხოცავენ ერთმანთსო“ მახსოვს , წლების წინ პრემიერმა ერთერთ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერმა არ იცის ოჯახში ძალადობა რა ფენომენია. სანამ საქართველოში ქმრის მიერ ქალზე ძალადობა სტანდარტად აღიქმება. ჩეულებრივ ამბად, სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება.. კვალიფიციური ინფორმაციის მიღება ყველაზე კარგი მექანიზმია სტერეოტიპების ე. წ. ადათ წესების შესაცველად, რომელიც ქალს სოციუმში აზიანებს. (ხშირად ახლობლებიც და ნათესავებიც მომხდარში მსხვერპლს ადანაშაულებენ). განათლების სამინისტროც ამას თავის პრობლემად არ აღიქვამს, არც კულტურის სამინისტრო... სახელმწიფო ძალიან ცოტას აკეთებს ამ მიმართულებით , არ მუშაობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე.. მოძალადე კაცებისთვის ხშირად უნდა ტარდებოდეს ტრეინინგები, მაქსიმალურად უნდა ჩაერთონ ფსიქოლოგები.. რთული სამუშაო პროცესია, ცნობიერება უნდა შეიცვალოს.. სხვაგვარი ხედვა შეიქმნას. ამ თემებზე საზოგადოებისთვის გაზიარების გზები უნდა ვეძებოთ.. შევცვალოთ დამოკიდებულება. ეს ყველას საქმეა.არის თემები, რომლებზეც ბევრს ლაპარაკობენ, ბევრს წერენ, თითქოს მხოლოდ იმისთვის რომ უნდა ილაპარაკონ.... ვეცადოთ რომ გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე... გავწყვიტოთ ეს წრე... სად არის ზღვარი, საით წავიდეთ, მარჯვნივ თუ მარცხნივ... თუ ისე.. როგორც ზღაპრებშია...წინ. წინ თუ არ წახვალ აუცილებლად დაეცემი, მთავარია ეცადო. ერთი ნაბიჯით მაინც... შეჩერება არ შეიძლება. შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება... მთავარია, ამ ქალებმა შიგნით, თვითონ გაარღვიონ ჩარჩო და თავისივე შექმნილი „გობელენიდან“ სადაც თავის თავი თავისებურად ჩაუქსოვიათ. გაარღვიონ, გამოაღწიონ.


„მე მსხვერპლად ვწირავ საკუთარ თავს არსებულ გარემოებას და ეს მსხვერპლშეწირვა ნებაყოფლობითია! ასე შეველიე იმ ცხოვრებას, სადაც მინდოდა რომ ვყოფილიყავი... თუმცა სიკვდილისთვის მზად არ ვარ! ჯერ კიდევ მაქვს იმედი... ჯერ არ დავმთავრებულვარ. რაღაცას ველი და ეს მაძლებინებს! მგონი მაინც ვიბრძვი. ოღონდ ჩემთვის, ვიცი.. რაღაც კანონი მიცავს, მაგრამ ის ვერ მათავისუფლებს საზოგადოებრივი აზრის მარწუხებისგან! ჭაში ჩავარდნილი თოკს ვეჭიდები, მაგრამ ის ხელიდან მისხლტება! შველას ვითხოვ, მაგრამ ხმა არ მაქვს...! შესაძლოა ვერც გადავრჩე, მაგრამ მინდა იცოდეთ...... ჯერ ცოცხალი ვარ!!.’’


ნანა ლომიძე

 
 
bottom of page