top of page
Writer's pictureNini Chachia

ნინი ჭაჭია: ჯერ იყო რიტმი, მუსიკა და მერე სიტყვა



ცოტა ხნის წინ გიგი თევზაძემ ახალი ბლოგი გამოაქვეყნა - ღმერთების და გმირების წარმოშობა და სიკვდილი სიმღერის დროს. ვფიქრობ ძალიან საინტერესო მიგნებაა და დამაფიქრებელი. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე დავფიქრდი და სწორედ ამიტომაც ჩემი ლეპტოპის კლავიატურა ავაკაკუნე. ამ ფურცელზე გიგის ბლოგის მოკლე შინაარსს არ შემოგთავაზებთ, აქ გიგის ხედვის სხვა რაკურსი მინდა შემოგთავაზოთ -. ჯერ იყო რიტმი, მუსიკა და მერე სიტყვა.


ის, რომ მუსიკას და რიტმს თერაპიული ეფექტი აქვს, ამაზე დიდი ხანია არავინ დაობს. მუსიკის როგორც თერაპიული ანუ სამკურნალო მნიშნელობის შესახებ ბლოგიც მაქვს დაწერილი დიდი ხნის წინ. ჯერ კიდევ ძველი ბერძნები მიიჩნევდნენ, რომ მუსიკალურ საკრავზე, კირთზე დაკვრა მსმენელში ამაღლებულ გრძნობებს იწვევდა. კირთის საუკეთესო შემსრულებლად კი მიიჩნეოდა ხელოვნების ღმერთი აპოლონი. მაშინ მედიცინა დაკავშირებული იყო ფილოსოფიასთან, მითოლოგიასთან, რელიგიასთან და ხელოვნებასთან, განსაკუთრებით მუსიკასთან  და ამიტომ მიიჩნევდნენ, რომ ექიმს  აუცილებლად უნდა ჰქონოდა დაკვრისა და სიმღერის უნარი.


ბოლო პერიოდი ფსიქოთერაპიაში არტთერაპია სულ უფრო პოპულარული ხდება, ასევე მეტალური ჯანმრთელობის პრობლემების მართვისა და მკურნალობის პრაქტიკაში სულ უფრო აქტუალური ხდება სუთქვითი სავარჯიშოები, მედეტაციები და სარელაქსაციო ტექნიკები. ახლა იკითხავთ და რა შუაშია რიტმი და მუსიკა? შუაში კი არა თავშია 😊.



ხომ გაგიგიათ ემოციები გადამდებიაო, რომ ამბობენ. ანდა, მოსაზრებები დღეს ძალიან პოპულარული საკითხები ენერგიის მართვისა და გაცვლის ტენდეციების შესახებ. აქ არც მისტიურია რამე, როგორც ბევრს ჰგონია და არც ჯადოსნური. მარტივი ფიზიკაა. ჩვენი ორგანიზმი ცოცხალია, სანამ მასში არსებული ფიზიოლოგიური პროცესები მიმდინარეობს -  მოძრაობს, ანუ როგორც ადრე იტყოდნენ, სანამ სისხლი ჩქეფს. ნებისმიერი მოძრაობა კი ქმნის გარკვეულ რიტმს, ენერგიას და სწორედ ამ რიტმსა და ენერგიაზე არის დამოკიდებული ჩვენი ცხოვრების ხედვები და შინაარსები, რასაც შემდეგ ჩვენ სხვადასხვა ისტორიებში და სცენარებში გარდავსახავთ. ანუ დიახ, ჯერ რიტმია და შედგეგ ისტორია იქმნება ამ რიტმზე - ო ღმერთო, ჩემო აქამდე როგორ არ მიფიქრია ამ საკითხზე? 😊.


სხვანაირად რომ შევხედოთ, ჩვენ ადამიანები ტექსტებში ვცხოვრობთ, არც ამაზეა დავა, მაგრამ ახალშობილი რომელიც ჯერ სიტყვებისა და შინაარსებისაგან ძალიან შორსაა, მის სხეულში არსებული შეგრძნებების და ამ შეგძნებების რიტმების მიხედვით იწყებს სამყაროსთან კონტაქტს. აბა დაფიქრდით? იავნანას სიმღერა პატარასთვის, რომელიც ჯერ ტექსტების სამყაროსაგან ძალიან შორსაა, მხოლოდ იავნანის რიტმისა და მელოდიის შეგრძნებით უკავშირდება სამყაროს - იმ დროს კი დედას.


ახლა ზრდასრულებში გამოვინაცვლოთ: სტრესი ჩვენი სამყაროს ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. სტრესის დროს ორგანიზმში გამოიყოფა სტრესის ჰორმონი კორტიზოლი, რომელიც ხელს უწყობს ადრენალინისა და ნორადრენალინის წარმოქმნას ორგანიზმში. ეს ჩვენი ორგანიზამის თადაცვითი ფუნქციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური კომპენენტია. ფიზიოლოგიაში რომ არ გადავვარდეთ და ისევ ადამიანურ, ანუ მოკვდავების ენაზე რომ ვისაუბროთ, ადრენალინს ჩვენი ორგანიზმი საბრძოლო მდგომაროებაში გადაყავს, რაც თავისთავად ენერგიის მოზღვავებასა და შესაბამისად, ჩვენი ორგანიზმის რიტმის ცვლილებას იწვევს.


როგორც ზემოთ დავწერე, სტრესის და ზოგადად მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მართვის ერთ-ერთი მნიშნელოვანი მიმართულებაა სუნთქვითი და სარელაქსაციო სავარჯიშოები. სწორედ ამ სავარჯიშოების დახმარებით ადამიანი იწყებს საკუთარი ორგანიზმში არსებული ენერგიის ცვლილებას, დაძაბულობიდან - სიმშვიდემდე, საბრძოლო განწყობიდან - ბედნიერებასა და ჰარმონიამდე.  


გიგის ბლოგის წაკითხვის შემდეგ სწორედ ამ პრიზმაში დავინახე რიტმისა და ტექსტის პირველ-მეორეობა. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მეც ასე მგონია რომ პირველად იყო რიტმი და შემდეგ რიტმის შესაბამისად იქმნებოდა ისტორიები.


ამ ჩემი თუ გიგის ხედვის კიდე უფრო გასამყარებლად, ერთ მაგალითსაც მოგიყვანთ - ერთსა და იმავე მოვლენასთან დაკავშირებით ადამიანს სხვადასხვა დროს სხვადასხვა რეაქცია და ინტერპრეტაცია აქვს, ეს კი დამოკიდებულია მის განწყობასა და ემოციებზე. ანუ იმ რიტმსა და მელოდიაზე რომელსაც იმ მომენტში მისი სხეული უკრავს: აბა გაიხსენეთ, როდესაც ცუდ ხასიათზე ხართ, რთავთ სევდიან მუსიკას და ეს სევდიანი მუსიკა უკვე თქვენს ცხოვრებაში არსებული სევდიანი სცენარების აქტუალიზაციას უწყობს ხელს და ამ დროს თქვენი სხეული, გონება და ქცევა უკვე სევდის საფარველში ეხვევა.


აქამდე ასე სიღრმისეულად არასდროს განმიხილავს რიტმის, მუსიკისა და ტექსტის პირველმეორეობა. დღეიდან ჩემი გონების ტექსტებში რიტმმა და მელოდიამ დაიკავა პირველი ადგილი და მეორე ადგილი კი ტექსტსა და სიტყვას დაუთმო.


არ ვიცი რამდენად საინტერესო აღმოჩნდა ჩემი ეს მოგზაურობა ტექსტების, მელოდიებისა და რიტმების იერარქიაში თქვენთვის, მაგრამ ერთი საფიქრალი მინდა დაგიტოვოთ - აბა დაფიქრდით თქვენი ცხოვრების რიტმსა და მელოდიაზე, როგორია ის ტემპი, პაუზები, მელოდია და რა განწყობის შექმნას უწყობს ხელს? იქნებ დროა საკუთარ ცხოვრებას ახალი კომპოზიცია შესათავაზოთ?

bottom of page