top of page

ზაქარია თავბერიძე & გიორგი ნამგალაძე: რა ვაკეთოთ?


„დროა მოვიშორო ეს ბაქტერიები,

და აქ გვყავს მელიები.

Fuck, Fuck მელიები…“

სექტორადა - ნიღბიანი რეპერები თელავიდან


კორონას შობიდან და მას შემდეგ პრობლემები უთვალავია: გამოწვევები უსასრულოა და ამოუწურავი: ჩვენი რესურსი სასრული და ამოწურვადი, როგორც მოთმინება, როგორც ნერვები, ნებისყოფა, ფული, საწვავი, მედიკამენტები, ჟანგბადი და სიყვარული. შეიძლება ცოტა დავიბნეთ, ვეღარ გავიგოთ რომელ ერთს გავწვდეთ, რითი დავიწყოთ. ამიტომაც, საჭიროა ახლიდან დავსვათ ლენინური კითხვა: რა ვაკეთოთ?

ფუკო მართალი ყოფილა: მომავალი დელეზიანური აღმოჩნდა. თუმცა, ამაზე სხვა დროს. ახლა არც ფუკოს დროა, არც - დელეზის. ორივე ზედმეტად რთულია და საშიში იმისთვის, რომ ეპიდემიის, ფორსმაჟორის, განგაშის დროს მათი ანალიზით დავკავდეთ. არც მათი სირთულე გვინდა და არც მათ შიშები: ორივე თავზე გვაყრია - თავში სახლელად. აჯობებს, ვაცალოთ, მკვდრებს ცხონება და ცოცხლები ავმეტყველდეთ: ჩვენ და თქვენ.

ჩვენ რაც გვჭირდება მართვის უფრო ახალი და ეფექტური მექანიზმებია - ანუ ტექნოლოგიები, რაც მოგვაყოჩაღებს, გადაგვარჩენს და მოგვაშორებს ბაქტერიებს. ჩვენი შემოთავაზებული რეკომენდაციები ჩამოთვლილია ტექსტის ბოლოს - Bullet Point-ებად.

ძვირფასო მკითხველო, თქვენ შეგიძლიათ:

1. გადაახტეთ მსჯელობას და პირდაპირ, ჩვენს შემოთავაზებულ ტექნოლოგიებს Bullet Point-ში გაეცნოთ. თუმცა, ამ გზით თქვენ გამოტოვებთ Bonus-ს.

2. ან წაიკითხეთ რამდენიმე ისტორია ჩვენი ცხოვრებიდან: ყოველი თავის ბოლოს სიურპრიზ-კითხვა დაგხვდებათ და რაღა თქმა უნდა Bonus-იც შეგხვდებათ. კითხვებზე პასუხით, თქვენ ჩაერთვებით მსჯელობის პროცესში, ანუ კითხვისას ჩვენთან ერთად დაწერთ ტექსტს.

ამის შემდეგ, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა რეკომენდაციის ნაწილი საკუთარი შეხედულებების შესაბამისად დაარედაქტიროთ და თქვენი მიგნებები Bullet point-ებად გაგვიზიაროთ: ასე, დავიწყებთ ერთად მუშაობას, წერა-კითხვას, დიალოგსა და ინტერაქციას. ერთად ვუპასუხოთ კითხვას: რა ვაკეთოთ?


მეჯლისი და ძვირფასები

“ლოკაცია პროვინცია, ქალაქი რომ იციან,

ლოკაცია პროვინცია - არადა პროვინცია ლოკაცია.

თუ ხედავს ამას პროვინცია, თუ მოგიწია როტაცია,

როგორც პრობაცია, როგორც Weekend-ებზე პროვინცია”.

სექტორადა - ნიღბიანი რეპერები თელავიდან


იყო და არა იყო რა, ფეშენებელურ საკონფერენციო დარბაზში ძვირფას პიჯაკიან ქალბატონებსა და ბატონებს უნდა ემსჯელათ. „მეჯლისზე“ მეც გახლდით მიწვეული. მჭადზე გათხაპნილი ფხალეულის მირთმევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ძვირფასები განიხილავდნენ, როგორ გაეხარჯათ „ბიუჯეტში მორჩენილი თანხა“.

ბევრი სჯა-ბაასის შემდეგად გადაწყდა, რომ საჭირო იყო „მუნიციპალიტეტების გამოცოცხლება“. კერძოდ, რეგიონებში „საჯარო სივრცეები უნდა აგვეთვისებინა“, რადგან გაზრდილიყო „მოქალაქეთა ჩართულობა“ „ქომუნითი ლეველზე“ და შესაბამისი „ზომების მისაღებად“ მუნიციპალური პარკებში დაიგეგმა „ივენთები“, სადაც ხალხი „დროს გაატარებდა“.

ძალიანაც კარგი, ყველას გვაქვს უფლებები ქალაქზე და ამ უფლებით უნდა ვისარგებლოთ-მეთქი, გავიფიქრე. თუმცა, შემდგომ, „ანგარიშების წერის პერიოდი“ მოვიდა და ეს ამბავი გადამავიწყდა. გავიდა ხანი. Weekend-ზე თავი მშობლიურ თელავში ამოვყავი.

ვნახე ბავშვობის მეგობრები, იაფფასიან პიჯაკებში გაპრანჭულები. მე ვუთხარი, „ძვირფასებო, ვიშაბათოთ. წამოდით ბუნებაში - ღვინო ვსვათ და დრო ვატაროთ“. თუმცა, ერთ-ერთი ძვირფასი, რომელიც იმ დროისთვის მერიის თანამშრომელი გახლდათ, ატყდა: შანსი არ არისო, საღამომდე არ გამოვა ეგ ამბავიო. მაიტათ, ჯერ ნადიკვარზე [პარკში] გამამყევითო. რაღაც ყლეობა ტარდება და იქ უნდა ვიყოვო: მერი ტვინსა სტყნავს, ხალხი მომიქუჩეოთო.

ალბათ, ხვდებით რაშიცაა საქმე. გაირკვა, რომ თავი „მეჯლისის“ გაგრძელებაზე, მის After party-ზე ამოვყავი. გავიფიქრე, „საჯარო სივრცეების ათვისება კარგია და ყველას გვაქვს უფლებები ქალაქზე, მაგრამ ასე ძალადობით, როგორ შეიძლება ხალხის შეკრება? უფლება ძალადობით ვის განუხორციელებია?“ ასეა თუ ისე, იმ დღეს „ნადიკვრის“ პარკში მერიის თანამშრომლებმა ხალხის კანტიკუნტად თავმოყრა შეძლეს და მოწყენილებმა იზეიმეს - „აითვისეს საჯარო სივრცეც“ - შემდეგ წავედით ბუნებაში - ღვინო ვსვით და დროც ვატარეთ.

მაშინ გამოუცდელი, გულუბრყვილო „ენჯეოშნიკები“ ვიყავით და ყველაფერი ძვირფას პიჯაკიანი ადამიანების ბრალი გვეგონა, მაგრამ მერე გავიზარდეთ და მივხვდით, რომ როგორც წესი, ადამიანების ბრალი არც იმდენად ბევრია როგორც ერთი შეხედვით ჩანს. დამნაშავეები უფრო არაადამიანები არიან: ის ძალაუფლების ქსელები, ცენტრალიზებული მართველობის ფორმები, ბიუროკრატიის ვერტიკალური მექანიზმები, რომლებიც ხალხს არაფერს ეკითხებიან: წარმოდგენა არა აქვთ რა სურთ ადამიანებს.

აი, რა ემართება იდეას, რომელიც საკონფერენციო დარბაზებიდან „ქომუნითი ლეველზე“ ეშვება: ზევიდან ქვევით ჩაყრილ სიმძიმეს ქსელი ვერ ატარებს, იფილტრება, ბინძურდება, ბიუროკრატიის დაწყვეტილ კაპილარებში იჭედება და ვიღებთ გაფუჭებულ ტელეფონის ქსელს, სადაც უფლების განხორციელებაც კი ძალადობის ფორმას იძენს. ჩვენ ქვეყნაში ეს ქსელები ისეთ მძიმ მდგომარეობაშია, რომ მნიშვნელობა არა აქვს, მემარჯვენე იდეას ჩაუშვებ თუ მემარცხენეს - ქვევით მაინც „რაღაც ყლეობა“ ჩატარდება.

ასე იქნება მანამ, სანამ ქსელებში კარგად არ გავერკვევით: სანამ, ცენტრალიზებულ, მითოლოგიაზე დაფუძნებულ, ძვირფას პიჯაკებში გამოწყობილი ხალხის მეტაენაზე დაყრდნობილ პროექტებზე ვიქნებით დამოკიდებულები. საჭიროა, სისტემის დეცენტრალიზაცია, რომ ხალხი ღარიბული პიჯაკებითაც ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში - გაძლიერდეს, მოყოჩაღდეს, იზრუნონ საკუთარ თავზე. პარალელურად, კვლევის მეთოდებისა და ტექნო-ქსელების ინსტალაციაც დაგვჭირდება.


City of Nonsense და მასკარადი

„აქ ისმის ექო დედაქალაქიდან.

აქ ელოდებიან შემოსავალს ტურიზმიდან…

ეს არის ჩემი ქალაქი: სულ თელავია. სულ გულავია!“

სექტორადა - ნიღბიანი რეპერები თელავიდან


გავიდა ხანი და ახლა თელავში განათლების ქსელის შესწავლით ვართ დაკავებულები. კერძოდ, სასწავლო/მოსწავლე ქალაქის პოტენციალს ვსწავლობთ და გვაინტერესებს როგორ მუშაობენ და თანამშრომლობენ განათლებასთან დაკავშირებული ორგანიზაციები - „Stakeholder-ებს”, რომ ვეძახით ხოლმე. ჩავწერეთ ინტერვიუები მერიის, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიბლიოთეკის, უნივერსიტეტის, კოლეჯის, არაფორმალური განათლების ცენტრების, საინიციატივო ჯგუფების, კაფე-ბარების თანამშრომლებთან და მონაცემები დამუშავების პროცესშია. რომ არა აპოკალიფსი და ის ფორსმაჟორული ვითარება, რის წინაშეც პაწაწინა მოლეკულებმა დაგვაყენეს, ნაჩქარევი მიგნებების გასაჯაროვებისგან თავს შევიკავებდით, მაგრამ ახლა რამდენიმე აღმოჩენას გაგიმხელთ.

თურმე, განათლების ქსელს პულსი არ ესინჯება და „გამოცოცხლება სჭირდება“. ადამიანები რაღაცეებს აკეთებენ, ძალისხმევას დებენ, ფუსფუსებენ და მათ გამტყუნებას არ ვაპირებთ: ხალხი შრომობს. ამ წერილში, კრიტიკა არაადამიანებს ეხებათ - იმ მართვის მექანიზმებს, რითიც ქსელმა უნდა იფუნქციონიროს, მაგრამ ამჯერად გაბიდნულია - კაპილარები დაწყვეტილია და სტენტირება თუ შუნტირება სჭირდება.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ არ არსებობს პარტნიორობა და მხარეთა შორის კოორდინაცია. ყველა ზემოთჩამოთვლილი ორგანიზაცია თავის ორბიტაზე მოძრაობს. იმის გამო, რომ საერთო პლატფორმა არ არსებობს, ყველა იდეა არაორგანიზებულად, დაუგეგმავად, შეუთანხმებლად ვითარდება და მედიატორების გარეშე ვიღებთ, იმას რასაც ვიღებთ - მასკარადს.

ამას ემატება ის, რომ თითქმის არცერთი ორგანიზაცია არ არის მოსწავლე/სასწავლო ორგანიზაცია - Learning Organization-ს, რომ ვეძახით ხოლმე. არც საჭიროებების კვლევები ტარდება, არც მონიტორინგისა და შეფასების სისტემებია დანერგილი - ტრენინგებიც კი არამიზნობრივად ტარდება: ესწრება არა ის ვისაც სჭირდება და უნდა, არამედ ის ვისაც სცალია და გააგზავნიან. პროექტებიც პირად წარმოდგენებზე, მეტაენაზე, ზემოდან მიღებულ ბრძანებებსა და მოკლედ, მითოლოგიაზეა დაფუძნებული. აი, მაგალითისთვის, რას გვიყვებიან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები:

„არცერთი იქ ვინც ზის [მერიაში] არცერთი გონზე არაა, მაგალითად ტრანსპორტის მოწყობა როგორ ხდება და ა.შ. და ესნი სხედან და პარკინგის ადგილებს ესენი წყვეტენ და რო ეუბნები რო სპეციალისტები არსებობენ მოიწვიე და გააკეთებენ. უნდა დათვალო ხო?! დღის განმავლობაში რამდენი მანქანა დადის, ხალხი სად გადადის, სად გადმოდის და ა.შ. იმის მერე უნდა დადო ის გეგმა რო სად პარკინგი გააკეთო, სად გადასასვლელი და სად რა ჯანდაბა. და ესენი დასხდნენ და დახაზეს, მერე კმაყოფილები არიან. სასწაულია. გაგაგიჟებენ.“ - არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

კრიტიკოსები გვეტყვიან, სპეციალისტები არ ჰყავთო და ფული არ აქვთო. მართლებიც იქნებით. მაგრამ, სასწავლო/მოსწავლე ქალაქის დეფინიცია ასეთია: ეს არაა აუცილებლად მდიდარი ქალაქი, რომელიც კულტურული, სოციალური თუ მატერიალური კაპიტალით გამოირჩევა. არამედ ის ქალაქი, რომელიც ახდენს არსებული რესურსების მაქსიმალურ მობილიზებას, იმისთვის რომ მაქსიმალურად მაღალი ეფექტი მიიღოს. თელავში მობილიზების მცდელობა არ ჩანს - მხოლოდ NGO ან კანონის მიერ დავალდებულებული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ან ფორმალურად ასრულებენ ფუნქციებს, ან ცოტას წაიმუშავებენ, სანამ NGO-ს გრანტი გაუთავდება, და შემდეგ სისტემაც ბანქოს სახლივით ჩამოინგრევა.

თუმცა, არის პარტნიორობის სურვილი, რადგან „თელავია და ყველა ყველას იცნობს“ და „ინტელიგენტი, კეთილი ხალხი ცხოვრობს ამ ქალაქში“. ამიტომაც, ორგანიზაციები მზად არიან ერთმანეთს საკუთარი კარი გაუღონ: უსასყიდლოდ უთმობენ ოთახებს, პროექტორებს, სკამებს, დაფებს და ეს ნამდვილად კარგი საფუძველია იმისთვის, რომ მათ ერთად დაგეგმონ, კოორდინირებულად იმუშავონ და რესურსების მობილიზება სცადონ. ფულიც გამოჩნდება, განსაკუთრებით ეკონომიკური დეცენტრალიზაციის შემდეგ. აი, სპეციალისტები რას გვიყვებიან:

„იმას ვამბობდით რომ ბიუჯეტირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა ნულია და მეორე არ არის მორგებული რეალურ საჭიროებებს. და ძალიან ხშირად მუხლიდან მუხლში გადააქვთ თანხა გამომდინარე იქიდან რომ არ იყო სწორად დაგეგმილი მერიას. საერთოდაც ბოლო წლებში ისეთები ხდება რო საერთოდ. შეიძლება მილიონი დარჩეთ და ცენტრალურ ბიუჯეტში დაბრუნდეს.“ - არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი #2.

მილიონი რა არის, თან დღევანდელ დოლარის კურსზე? ბევრი არაფერი, მაგრამ რაცაა ესაა. ხელმოკლე ოჯახებმა ფული ხომ უფრო ყურადღებით უნდა ანაწილონ, თორემ მდიდრებმა შეიძლება ფლანგონ, როგორც გაუხარდებათ. სწორად დაგეგმვისთვის კი კალკულაციაა საჭირო: ოჯახში ამას ერთ პატარა უბის წიგნაკშიც აუხვალ, მაგრამ ქალაქში მონაცემთა ბაზები, საჭიროების კვლევები და დიდი მონაცემები გჭირდება: არსებობს ამის გზამკვლევები და ინახება მერიის თაროებზე. რიგ საკითხებზე არსებობს კვლევებიც, რომლებიც არასამთავრობო სექტორმა ჩაატარა, მაგრამ ისიც შემოდებულია თაროებზე - ისე იმტვერება, რომ ხშირად მის Bullet point-ებსაც კი არავინ კითხულობს.

„კომპეტენციის ამბავიცაა“, გადამზადება ნამდვილად კარგად დასაგეგმია. მაგრამ იქამდე სპეციალისტები საიდან მოვიყვანოთ? სასწავლო/მოსწავლე ქალაქი ამ პრობლემის გადაჭრისთვის ფოკუსებს ვერ შემოგვთავაზებს, თუმცა, აქვს პრაგმატული გამოსავალი. ასეთი, ქალაქები ადამიანებს უნიტაზში არ რეცხავენ, ერთმანეთს ჩარეცხილებს არ ეძახიან, არამედ აღიარებენ ერთმანეთის გამოცდილებას (თუნდაც, ცოტა მოძველებულს) და ცდილობენ მაქსიმალური ეფექტი მიიღონ ერთმანეთის ცოდნების გაზიარებიდან.

„მოხალისეების ჯგუფი გვყავს და ყველას ვეუბნებით, რომ ეს ადამიანები მოხუცები კი არიან, მაგრამ მზად არიან დაგეხმარონ. ზოგი არქიტექტორია, ზოგი მშენებელი-ინჟინერი და ზოგი კიდე რა… დიდი გამოცდილება აქვთ, ძლიერი სპეციალისტები არიან. ახალგაზრდებიც შემოგვიერთდნენ… უფულოდაც კი გაუხარდებათ, რომ საქმე აკეთონ. მარტო ჰკითხე.“ - საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი

ამ რესურსის ასამუშავებლად კი კოორდინაციაა საჭირო, თუმცა არა აბსტრაქტული, არამედ კონკრეტული: ოთახების გამოყოფა (თუნდაც Zoom-ში), შეხვედრების განრიგის შედგენა, პროექტებში მოხალისეების, საინიციატივო ჯგუფების მოწვევა, ცხრილების მომზადება, შემდეგ შეხვედრის ოქმების ჩამოწერა - აუცილებელი არა არის ფორმალური ანგარიშები, ხანდახან Bullet point-ებიც საკმარისია.

არ იფიქროთ, რომ მერიას სძინავს. იქ ხალხია და შრომობენ. თუმცა, დაბალია მათი მარგი-ქმედების კოეფიციენტი. მერიამ შესაძლოა სოციალურად დაუცველს ფულადი სარგებელი პირდაპირ გადასცეს (Direct delivery), მაგალითად გაჭირვებულს მედიკამენტებისთვის 300 ლარი მისცენ, მაგრამ მერიაში უჭირთ სერვისების მიწოდება ან გრძელვადიანი სტრატეგიების შემუშავება. მაგალითად, რესპონდენტები წუხან, რომ არავინ იცის, რა უნდა ქნას ქალაქმა, რათა მომავალ წლებში ნაკლები სოციალურად დაუცველი იყოს - უკეთესი ჯანმრთელობით (Strategy planning), ამიტომაც მუნიციპალიტეტში ყოველ წელს იზრდება სოციალურად დაუცველთა რიცხვი, შემდეგ იზრდება სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად გამოყოფილი ბიუჯეტი, რადგან გაჭირვებულთა გაზრდილ რიცხვს სჭირდება მეტი 300 ლარი. თუმცა, მერიაში გაზრდილი ბიუჯეტით მაინც ამაყობენ. ტელევიზორში ხომ ხშირად ისმის ამაყი ხმა: „სოციალურად დაუცველთა ბიუჯეტი გავზარდეთ“. იმიტომ ხომ არა, რომ სოციალურად დაუცველთა რიცხვიც გავზარდეთ?

თუმცა, ადამიანებს ნუ დავადანაშაულებთ. ხალხი შრომობს. ისინი აწყობენ ღონისძიებებს, ფესტივალებს, გამწვანებისა თუ დასუფთავების დღეებს, გაჰყავთ გზები და არჭობენ განათების ბოძებს, ნომრავენ უსახლკარო ძაღლებს და უყვართ ქალაქის უჯამაგირო მცველები, როგორც კარგ, ღირსეულ თელაველებს შეეფერებათ. მაგრამ, ეს ყველაფერი რეაქციაა გარეშე იმპულსებზე: „მკვდარი ქალაქის“ ელექტრო შოკით მიღებული ცახცახია. ზევიდან უნდა გაიცეს ბრძანება: გუბერნიიდან, ან თბილისიდან ან საერთაშორისო ორგანიზაციიდან (ადგილობრივებს წონა ნაკლებად). შემდეგ, პროექტი რჩება, დარგული ხეები მოურწყველობით ხმება, მდგრადობა - sustainability-ს რომ ვეძახით, ნულია და ვიღებთ იმას რასაც ვიღებთ - მასკარადს.

მასკარადების მეტი რა არის: აი, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ის და მისი მეგობრები ამ ქალაქს City of nonsense-ს ეძახიან. ფორმატი, რომ საშუალებას იძლეოდეს დეტალურად მოგიყვებოდით, როგორ მუშაობს ეს დაწყვეტილი, დაფლეთილი, ნაომარი ქალაქის ქსელები. რამდენს მუშაობენ ადამიანები და არაადამიანების გამო, მაინც რა ნონსენსთანაც გვაქვს საქმე. ვირუსი სწრაფად ვრცელდება. დრო არ გვაქვს ყველაფერი გიამბოთ, სიტყვაზე გვენდეთ.

გეუბნებით, არსებობს იმაზე გაცილებით მეტი რესურსი ვიდრე გვგონია და ეს რესურსი იფლანგება იმაზე არაპროდუქტიულად ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ყველაფერი უფრო არაადამიანების ბრალია. ეს ხდება იმიტომ, რომ არ გვაქვს ინსტიტუციონალიზებული შრომის ეთიკა, არაადამიანური სისტემა ცენტრალიზებულია და რაც მთავარია, არ ვსწავლობთ: არც კვლევით და არც ჩვენივე გამოცდილებას ვამუშავებთ. გიგი თევზაძის სიტყვებით, რომ გითხრათ „თვითრეფლექსიის ინსტიტუციონალიზაცია“ იგვიანებს - ინსტიტუტები არ სწავლობენ.


ტყეში გაქცეული შენობები და ურთიერთობა

„მანქანა მოდა: მათთვის, ვისაც სხვანაირად არ ეკადრებოდა.

როგორ მოგწონს ამ ქალაქში ურთიერთობებიი?

ჩვენ მხოლოდ საქმიანი შეხვედრებით ვიფარგლებიით!”

სექტორადა. ნიღბიანი რეპერები თელავიდან


კეთილი, მაგრამ სად გაქრნენ ინტელექტუალები? მოვიდნენ და გვასწავლონ, ცოდნა გაგვიზიარონ - ჭკვიანური თქვან რამე. თევზაძის აზრით, თვითრეფლექსია საბჭოთა კავშირის დროს ინსტიტუციონალიზებული არ იყო და შესაბამისად, ინტელექტუალებიც ნაკლებად თვლიან, რომ საჯარო სივრცეში თვითრეფლექსიის სამუშაოს შესრულება მათი საქმეცაა. ახლაც, იგივე მოდელი მუშაობს: მათ ზემდგომი უნდა ჩააყენონ საქმის კურში და არა მოქალაქე: პარტია არსად წასულა, ის ჩაანაცვლა დონორმა ან უშუალო უფროსმა: ძველი ჩვევების მოშორება ძნელია - ეს ვერტიკალი ნარკოტიკია, რომელიც დამოკიდებულებას იწვევს - ინსტიტუციონალიზაციის თეორიებში Path dependence, რომ ეძახიან.

ამიტომაც, ამ ინტელექტუალების ისედაც მწირე ინტელექტუალური პროდუქტი მერიის ბიუჯეტივით იფლანგება, უსარგებლო, დამტვერილ ელ-თაროებზე ისვენებს - საუკეთესო შემთხვევაში დონორები წაიკითხავენ, ისიც მხოლოდ ძირითად მიგნებებს: bullet point-ებად რომ ყრია. ამის მიღმა, ჩვენი ინტელექტუალების უმეტესობა ისე მოკვდება, რომ კითხვა არ გაუჩნდებათ, ხმასაც არ ამოიღებენ - ისე დუმან როგორც დაყუდებული ბერები - ჰიმალაიზე.[1]

სად გარბიან? რატომ იმალებიან? მაგრამ, ინტელექტუალები კი არა, ქალაქიდან მთლიანად უნივერსიტეტები გარბიან, თავისი შენობებით. მაგალითად, თელავში ყველა რესპონდენტი აღნიშნავს, რომ თელავი ოდითგან კულტურულ ქალაქად ითვლებოდა, მის მოედანზე ვაჟა გაზრდილა პირველ სკოლაში; მის ქუჩებში აკადემიას და აკადემიკოსებს დაუდიათ ბინა. დღეს კი უნივერსიტეტი ქალაქის ცხოვრებაში არ მონაწილეობსო: „უნივერსიტეტი თავისთვის ცხოვრობს, ქალაქი თავისთვის ცხოვრობს“: ერთმანეთს განიზიდავენო. აი, რას გვიყვება, უნივერსიტეტის საქმიანობაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი:

მე რასაც ვხედავ. ის [უნივერსიტეტი] არის ცალკე. ესეც ძალიან საინტერესო თემაა - გამოიკვლევდა ადამიანი. ფიზიკურადაც მოწყვეტილია და ისედაც მოწყვეტილია. სხვა პლანეტაზე რომ რაღაცა ხდება ისე არიან.“ - არასამთავრობო ორგანიზაციის 1

თელავის უნივერსიტეტი ქალაქის თავზე ტყის პირას მდებარეობს და რუკას თუ დახედავთ ადვილი შესამჩნევია, რომ ტყეში შეღწევას, ქალაქიდან გაქცევას, ჯუნგლებში მიბრუნების მცდელობა აქვს. შენობას ხავსი მოედო და კოროზია ჭამს მათ კიბეებს.

ქალაქში შესვლის მეთოდი კვლევაა, თუმცა ისინი კვლევებს არ ატარებენ: აქა-იქ „რუსთაველის ფონდის“ რამდენიმე გრანტს თუ არ ჩავთვლით. არც კონფერენციებითა და აქტიური ღონისძიებებით გამოირჩევიან. ამბობენ, რომ სტუდენტებს არაფერი აინტერესებთ - რა უნდა აინტერესებდეთ თუ არაფერს იკვლევენ? მათი ქადაგება?

თუ რამე მოხდა და კვლევა შედგა - ეს კვლევა ქალაქის ცხოვრებაში, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მაინც არ ერთვება. მაგრამ საგანგაშო ისაა, რომ არა თუ თვითონ უნივერსიტეტის შიგნით არ აქტიურობენ, არამედ გარედან შემოსულ ინიციატივებსაც გაურბიან: არა თუ ქალაქში არ შედიან, არამედ ქალაქსაც არ უშვებენ თავის ჯუნგლებად ქცეულ კედლებში. ქალაქიდან გაქცეული უნივერსიტეტი თან იყოლებს, სტუდენტობასაც, რომლებსაც „ერთი სული აქვთ ლექცია დასრულდეს, რომ სახლში გაიქცნენ“, რადგან „უნივერსიტეტში ცოცხალი პროცესი არ არის“. რესპონდენტებიც გვიყვებიან, როგორი ცარიელია ქალაქი უნივერსიტეტისა და სტუდენტების გარეშე:

„აი მარტივ მაგალითს გეტყვი: ვთქვათ არის მუზეუმი. მუზეუმი ხომ არ არის მარტო ‘შოურუმი’, რომელიც გამოტანილია ტურისტისთვის. იქ ინახება უამრავი მასალა, დოკუმენტი და არის კვლევის სივრცე, რეალურად… ერთადერთი ადამიანი თენგო სიმაშვილი მყავს ნანახი, რომელიც შედიოდა და რაღაც კვლევაზე მუშაობდა. სხვა არ ვიცი, მკვლევარს ვერ ხედავ. ან, მერე გამოდიხარ და სტუდენტს ვერ ხედავ. შეხვალ კაფე-ბარში და იქაც სტუდენტები არ არიან. თითქოს უნივერსიტეტში მიდიან და მერე ქრებიან“ - გვიყვება მწერალი.

საქმე ისაა, რომ სტუდენტების უმეტესობა მიმდებარე სოფლებიდანაა, სოფელი კი ისეა მოწყვეტილი ქალაქისგან, როგორც უნივერსიტეტი. თუმცა, უნივერსიტეტისგან განსხვავებით, სოფლებს ქალაქში შემოსვლის მცდელობა აქვთ - სურვილიც აქვთ: მაგრამ, არ აქვთ მუნიციპალური ტრანსპორტი (მუშაობენ ამ საკითხზე), შესაბამისად „ადრე გარბიან ლექციებიდან, რომ მარშუტკებმა არ გაასწრონ“. საღამოს არაფერი მოძრაობს, „ტაქსის ფული კიდე ვის აქვს?“ ამიტომაც, „არიან ახალგაზრდები ვინც თეატრშიც კი არ ყოფილან, კი უნდათ მაგრამ არ ყოფილა. სპექტაკლები 7 საათზე, რომ დაიწყება, როგორ მივლენ? უკან დაბრუნება ხომ უნდათ?“

სოფელი კი არა ცენტრის მიღმა დარჩენილი უბნებიც კარანტინში არიან: „ყველა ხო არ ამოვა და მანქანით მოედანს (ცენტრს) წრეებს შემოუვლის? ზოგს არც ყავს მანქანა. თან, უბანში იქ სასაფლაოზე გადახვალ, ბირჟებია სასაფლაოებზე, იქ უბნის მაღაზიაში დაივალებ. მოედანზე ვინ დაგავალებს?“ ცენტრიდან სხვა უბნებში, რომ გახვიდე იქ რაღაც უნდა ხდებოდეს: „ალაზნის გამზირზე ან ლეგიონში, მოედნიდან რატომ უნდა წახვიდე? არანაირი მიზეზი არ არსებობს. არანაირი აქტივობა.“ ამიტომაც, ქალაქიც დაყოფილია პატარ-პატარა პალატებად და ყველა თვითიზოლაციაშია. ადამიანები განდევნილები არიან, განსაკუთრებით ღამის ცხოვრებიდან. საბოლოო ჯამში, ეს სოციალურ, კულტურულ, მატერიალურ კაპიტალს ურტყამს ქალაქს კი კლაუსტროფობია კლავს.

ამ დანაწევრებულ პატარა ქალაქს და ჩაწყვეტილ კაპილარებს თითქოს სკოლები აერთიანებენ, რადგან ერთი უბნიდან მეორე უბანში ხშირად დაჰყავთ შვილები. უფრო სწორედ, უმეტესობას ცენტრში დაჰყავს, რადგან „პრესტიჟული სკოლები ცენტრშია“ და სკოლა ხდება საშუალება, რომ განდევნილი უბნებიდან მოქალაქე ცენტრის ცხოვრებაში ჩაერთოს. ასე მაგალითად:

„ვკითხე, რატომ მიგყავს მეთქვი ბავშვი [გარეუბნიდან ცენტრში მდებარე სკოლაში]. ჯერ ერთი კლასში ბევრი ბავშვები არიან და ჩემს შვილს ბევრი მეგობარი ეყოლებაო. მეორეც წასასვლელი არსად არა მაქვს და იმის მიზეზი მაინც მექნება რომ დღეში ორჯერ ბავშვი წავიყვანო და წამოვიყვანო მოედანზეო. მიზეზიც ხო მინდა სახლიდან გამოვიდეო.“ - გვიყვება რესურს ცენტრის თანამშრომელი.

სივრცეები, ორგანიზაციები, ინსტიტუტები, ადამიანები ერთმანეთს თუ არ დაუკავშირდა, ქალაქი თუ არ დაიქსელა სისხლი არ მოძრაობს. ქალაქი პიკასოს ლურჯი პერიოდის ნახატებივით სევდიანია, რასაც მხოლოდ ახვლედიანის ალაზნის პეიზაჟები და კავკასიონის მთები აცოცხლებს. „რომ ეკითხები ადამიანებს, რა მოგწონთ თელავშიო, გპასუხობენ ხედებიო, ლამაზი ხედებიაო და სუფთა ჰაერი“. მხოლოდ ჟანგბადი კი სიცოცხლისთვის საკმარისი წინაპირობა არ არის. ქალაქი სულს ღაფავს. ჯადოსნური ჭადარიც კი კვდება - ორგანიზმი ბეტონით აქვს ამოტენილი, რომ 900-წლოვანი ხე ნიავმა არ წააქციოს. საბედნიეროდ, მეგობარი ქალაქებიდან სპეციალისტები ჩამოდიან და გვეხმარებიან რომ ჭადარს უმკურნალონო - გვიყვება, მერიის თანამშრომელი.

მეგობრობა კარგია, ქალაქის შიგნითაც და გარეთაც. თელავი პატარა ქალაქია და „ყველა ყველას იცნობს“, თუმცა ერთმანეთთან დაკავშირებული სივრცეების გარეშე „ცნობაში“ იგულისხმება მხოლოდ სხეულების ამოცნობა, იმის ცოდნა თუ როგორია ეს სხეული, როგორ გამოიყურება, რა გვარისაა ეს სხეული და რომელი სახლიდან, ოჯახიდან გამოდის სხეული. თუმცა, რა აწუხებს ამ სხეულს, რა უხარია, რა სტკივა, რა უყვარს - რაზე დარდობენ სხეულები ეს არავინ იცის. სხეულები ერთმანეთთან დიალოგში არ შედიან. ამისთვის საჭირო სივრცეები დაკეტილია, არც ფიზიკურად არსებობს და დისკურსის დონეზეც დაცენზურებულია. მაგალითად, „თელავში არ არის ისეთი სივრცე სადაც მიხვალ და უცხოს გამოელაპარაკები. ღია საუბრები, როგორც თბილისშია, კაფეებში და ბარებში მასეთი აქ არა. მასე დალაპარაკება, რომ ცადო შეიძლება ჩხუბიც კი მოგივიდეს“.

ჩხუბიო. ადამიანის სული რომ გაიცნო კი უსაფრთხო სივრცეები გჭირდება: უსაფრთხოებამ „უცხოსთან“ დიალოგის წინაპირობა უნდა მოამზადოს. მაგრამ, ასეთი სივრცეები ინკლუზიური არ არის: მაგალითად, „კლუბი კი გაიხსნა მაგრამ გოგოები ვერ დადიან“. სივრცეები სხვადასხვა ნიშნით იხურება: გენდერული, ეთნიკური, რელიგიური, ასაკობრივი განსხვავებები მკაცრ ურდულს ადებს და ვიღებთ დანაწევრებულ ქსელებს, სადაც სულიერება კვდება: თუ ეს ქსელები არ გაიხსნება ქალაქში ჩვენ მხოლოდ სხეულებს ვცნობთ, სხეულებს ვესალმებით, რესტორნებშიც სხეულებთან ერთად ვქეიფობთ, სხეულები გვიყვარს და სხეულები გვძულს - მათი გული კი ჩარაზულია. შედეგად ამ პატარა თელავში არავინ არავის სულს არ იცნობს.

რესპონდენტები გვეუბნებიან, რომ „თელავი მკვდარი ქალაქია“. „უნივერსიტეტი მოკვდა“. „ყველაფერი მკვდარია“. ეს ის ქალაქია სადაც მეტაფორებიც სულს ღაფავენ და მხოლოდ ნიღბიან რეპერებს შეუძლიათ გაბედონ თქვან: „სულ თელავია, სულ გულავია“. გარშემო კი ფანტომებია: Ghost-towns, Ghost-schools, Ghost-people - და კიდევ, ქათმის ფეხზე შეყენებული უნივერსიტეტის კორპუსები, რომლებიც ცივის მთებისკენ მიფრინავენ სავსე მთვარისას.

ტრაგედია ისაა, რომ თელავი გამონაკლისი სულაც არაა. ქსელებს სხვა ქალაქებში თუ დააკვირდებით მეტ-ნაკლებად იგივე სურათი დაგხვდებათ - დაჩეხილი. მეტიც, ქსელებს სხვა სექტორებშიც თუ დააკვირდებით სურათი არც მაშინ შეიცვლება - ტრაგედიაა.

[1] საჯარო უწყებებიდან ძვირფასები კვლევის პრეზენტაციას დაესწრებიან (თუ გაიმართა) და მთქნარებით მოკვდებიან, რადგან სხვაგან მოხვდებიან - ძალით გააგზავნიან.

შოუ და ტრაგედია

“არა ინტელექტის ოკუპაციას“!

სექტორადა - ნიღბიანი რეპერები თელავიდან


მედია რას შვრება? სხეულებს თუ არა აქვთ დიალოგი, მედიაში ხომ მაინც უნდა გვხვდებოდეს დიალოგი. შესაძლოა მედია სულის გასაცნობად საუკეთესო პლატფორმა არ იყოს, მაგრამ კვლევის, მეცნიერების, საღი აზრის წარმოსადგენად და ზოგადად ინტელექტუალური მსჯელობისთვის შესაფერისი სივრცეა. მაგალითად, თუ ინტელექტუალი არ გამოდის აკადემიიდან, თუ ის უნივერსიტეტის კედლებშია ოკუპირებული, მაშინ მედია უნდა შევიდეს აკადემიაში, ლაბორატორიაში და აუდიტორიებში. თუმცა, შეიძლება იქ შოუს ნაცვლად ტრაგედია დახვდეთ, ამისთვისაც მზად უნდა იყვნენ (ყველაფერი შოუ ხომ არ იქნება?!)

მოდით, მხოლოდ რიტორიკულ კითხვებს დავკიდებთ:

რატომ არ ისმის ტელევიზორიდან ლაბორანტების ხმა, რომლებიც სინჯარაში თბილისის თავზე დაკიდებულ, ჩაშავებულ, ტყვიით დამძიმებულ ჰაერს სწავლობენ? ნუთუ ამ ჰაერში ისეთი ინფორმაცია არ იმალება, რისი დონორთან ჩასაბარებელი ანგარიშების მიღმა გასაჯაროებასაც აზრი ექნებოდა. ამით, ლაბორანტები პოლიტიკასაც დაკითხავდნენ, ცრუ შამანებს დროზე ადრე გამოავლენდნენ და გაცხრილავდნენ - ისევე როგორც ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობისთვის შეუფერებლობა გამოვლინდა.

ნუთუ არაფერი აქვთ სათქმელი კინტრიშის ნაკრძალში ჩასაფრებულ მკვლევარებს, რომლებიც გადამფრენ ჩიტებს აკვირდებიან? ნუთუ ჩიტმა არაფერი უთხრათ მორღვეული ბიომრავალფეროვნების ან ჰაერში სახიფათოდ მფრინავი ცელოფნის პარკების შესახებ - ნისკარტებზე რომ ეჯახებიან? ნუთუ არაფერი აქვთ სათქმელი გურიის ტყეში ტარზანივით მოხეტიალე ბიოლოგებს, რომლებიც მიწას ჩიჩქნიან და შემდეგ მცენარეების თესლებს მიკროსკოპებით აკვირდებიან? ნუთუ არაფერი აღმოუჩენიათ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებს, რომლებიც შავ ქსელებში ვირუსებს დასდევენ? ნუთუ ვერაფერს ხვდებიან პროფესორები, ლექტორობის მოკრძალებული ხიბლით მონუსხულები საკუთარ აუდიტორიებში (ახლა, Zoom-ს ეძახიან), რომ შეიკეტნენ და სტუდენტებს მონოლოგებით ტვინს უჭედავენ? ნუთუ აუცილებლად ტრაგედიაა საჭირო იმისთვის რომ ეპიდემიოლოგს კითხვა დავუსვათ - შოუში მოვიწვიოთ?

როგორც ვნახეთ, ეპიდემიოლოგები საკმაოდ აქტიური ხალხი ყოფილა და საზოგადოების ნდობასაც იმსახურებენ. სხვები? სად გაქრა ეს მეცნიერი ხალხი? ცამ შეჭამა თუ მიწამ? ჟურნალისტი რის ჟურნალისტია თუ ამ უნივერსიტეტებში, ლაბორატორიებსა და საკონფერენციო დარბაზებში არ შეძვრა და მჭადის ნაცვლად პირთან მიკროფონი არ დაახვედრა[1].

რატომ სძულთ ამ ხალხს დიალოგი?[2] დიალოგის გარეშე ეთიკური ცხოვრება წარმოუდგენელია. ეთიკის ერთ-ერთი დასაბამი ორის შეხვედრაა და იმისთვის, რომ მათი ურთიერთობა არ დაემსგავსოს ბატონისა და მონის ურთიერთობას, საჭიროა დიალოგი: „მე“ და „შენს“ შორის და პირიქით. აპოკალიფსის დროს ინტელექტუალებს დუმილის ფუფუნება არ აქვთ, საჭიროა მედიაში დავკითხოთ. მითუმეტეს მაშინ, რომ შეიძლება აპოკალიფსი უსასრულოდ გაიწელოს, უსასრულოდ დაგვიბრუნდეს და უსასრულობაში ეთიკური გადაწვეტილებების მიღება აუცილებელია. დავსვათ კითხვა: ეს წამი რომ მარადისობაში გაგრძელდეს, ახლა და ამჟამად გავაკეთებდით თუ არა იმას რასაც ახლა ვაკეთებთ. თუ არა, ე.ი. არაეთიკურად ვცხოვრობთ.

მართალია გრანდ-ჭეშმარიტება არ არსებობს, მაგრამ არსებობს გრანდიოზული ტყუილი, ძალადობრივი სიცრუე, დამანგრეველი პროპაგანდა, რაც შესაძლოა დიალოგის დროს შესამჩნევი გახდეს. სწორედ ამიტომ აქვს ჯერ კიდევ დიალოგს აზრი. დიალოგისთვის კი სპეციალური პლატფორმების შექმნაა საჭირო: მედიაშიც და მედიის მიღმაც. ტრაგედიაა სამართლიდან გაქცევა, ეთიკიდან, დიალოგისგან, მსჯელობიდან, პოლიტიკიდან, ვირუსებისგან გაქცევა: შემდეგ ვიღებთ კარანტინიდან, ოთახიდან, სახლიდან, საავადმყოფოებიდან, დაინიფიცირებული სივრცეებიდან პანიკური გაქცევების სერიებს - შოუს რომ დაემსგავსა. საბოლოოდ ალბათ გეგმაშია გაქცევა დედამიწიდან, როგორც ისკეპიზმის უმაღლესი ფორმა.

ახლა და ამჟამად ზიზღიან სხეულს სხვა არაფერი დარჩენია გარდა გაქცევის: და ეს შეიძლება იყოს გაქცევა ფიზიკურ სამყაროში (მაგ. აუდიტორია, ლაბორატორია ან ტყე) ან მენტალურ სამყაროში (ოცნებები, იდეები ან მითები), რაც შემდგომ დეპრესიებში, ნევროზებში, შიზოფრენიასა და პარანოიაში ხეთქავს. არადა გაქცეულების ნაწილი სულაც არ არიან უსარგებლო ადამიანები, ჩარეცხილები, გამოუყენებელი ნაგვები, უბრალოდ ისინი შოუბიზნესმა და შოუბიზნესად ქცეულმა მედია & პოლიტიკამ განდევნა. მათაც შეიძულეს საკუთარი თავი და სხვებიც, რადგან დაკარგეს საკუთარი თავის რწმენა და სხვების ნდობაც.

როგორმე, საჯარო სივრცე უსაფრთხო სივრცედ უნდა ვაქციოთ, ყველა უნდა ავიტანოთ - სადაც თალაკვაძეს ვიტანთ, ერთი გრანტიჭამია ინტელექტუალი, რატო ვერ უნდა ავიტანოთ?! თან, გვერწმუნეთ, თუ დიალოგის პლატფორმები შეიქმნება, და ერთ გრანტიჭამიას ავიტანთ, მას ყოჩაღი, ძლიერი, პროდუქტიული, სამოქალაქო მოღვაწეებიც მოჰყვებიან.[3] ინტელექტუალები კი არ გვყავს, მაგრამ მედიაში და განათლების ქსელებში უნდა გამოვძერწოთ - უნდა ვაკეთოთ და ვაწარმოოთ ისინი, რადგან ინტელექტუალების „ფაბრიკები“ გვჭირდება. ინტელექტი მატერიალურია და დღეს ოკუპირებულია.

[1] სხვათაშორის ქართველი ჟურნალისტების თავისებურება ისაა, რომ პრეზენტაციებსაც კი არ ელოდებიან: კომენტარს კონფერენციის დაწყებამდე იღებენ და გარბიან. ისინი სიუჟეტებს ყალიბებში ამზადებენ, როგორც მედიაპროდუქტს, ამიტომაც ყველა სიუჟეტი ერთმანეთს ჰგავს. [2] დიალოგი დიდი თემაა და ღვთიური. თელავში რესპონდენტებმა ბევრი გვიამბეს მის შესახებ და იმედია შემდგომ წერილებში ვრცლად შევძლებთ გავშალოთ ის ქსელი, რაც დიალოგის შესაძლებლობას კეტავს. [3] აქაც შეიძლება ვინმემ იკითხოს, სად გვყავს ინტელექტუალებიო: ჯერ ერთი იქნებიან სახლებში აქა-იქ, მეორეც ინტელექტუალები კი არ იბადებიან, კი არ უნდა „გვყავდეს“ - არამედ უნდა ვაკეთოთ: ანუ ავამუშავოთ ინტელექტუალთა წარმოების ქსელი: საგანამანათლებლო ორგანიზაციებში, მედიაში, ლაბორატორიებში, ბიბლიოთეკებში, კინოში, თეატრში, კაფე-ბარებში… ქუჩაშიც კი, თუ მას კარგად დავგეგმავთ - მაგალითად, ბირჟა ისეთი ღია საკომუნიკაციო სივრცეა, რომელიც სწორი დაგეგმარების შემთხვევაში კაი ინტელექტუალებს აწარმოებს, კაი ბიჭების ნაცვლად. უბრალოდ, ის კირიმინალური ქსელის ნაცვლად საჭიროა დავუკავშიროთ, საგანმანათლებლო ქსელს - ზემოთ ჩმაოთვლის ორგანიზაციებს. თავად ბირჟის დაგეგმარებაც მნიშვნელოვანია - ბირჟის დიზაინი. სამუშაოა.


სისტემა VS ქსელი

„დედაქალაქიდან ოდნავ მოშორებით,

ივლი მიხვეულ-მოხვეული გზებით

და რომ დაინახავ წარწერას იქვე ახლოს დაგხვდებით…

ვითარება ძალზედ რთული, არაფრით ხარ დაცული

არანაირად არ იგრძნობა წინსვლა. პროგრესი.

დღემდე ამ ქალაქში თავს იმკვიდრებს ძველი ადათ წესი“.

სექტორადა - ნიღბიანი რეპერები თელავიდან


მაშინ როდესაც დაჩქარებული წარმოება შეჩერდა და ქსელები გადაიტვირთა, თუ კიდევ რამის აქსელერაციას აქვს აზრი ეს პირველ რიგში ახალი ცოდნის გამოყენებით ახალი ტექნოლოგიების წარმოებაა: საჭიროა ვირუსებისა და ზიზღის ტექნოლოგიური მართვა. ამისთვის კი ყოველ მათგანს - მეცნიერებას, ხელოვნებას, ფილოსოფიას, ეკონომიკას, თეოლოგიას, კულტურას, სპორტს თუ პოლიტიკას - გააჩნია განსხვავებული, პატარ-პატარა ხელსაწყოები, მოდელები, იარაღები, მეთოდები, ტექნიკები და მათი კოლაბორაცია, ანსამბლია, მმართველობის ქსელში მათი პროდუქტიული ჩართვა იძლევა სინერგიის ეფექტს - ჭარბ პროდუქტიულობას, რომელიც დღეს ისე გვჭირდება, როგორც არასდროს.

თუმცა, ქსელი სისტემაში არ უნდა აგვერიოს. მაგალითად, როდესაც განათლების სისტემაზე საუბრობენ განათლებას ხურავენ ორგანიზაციულ კედლებში: განათლების 2017-2021 წლის სტრატეგია ამის საუკეთესო მაგალითია: ნახავთ, რომ ჩვენთვის განათლება აღიქმება, როგორც ქრონოლოგიაში გაწერილი აღმზრდელობითი პრაქტიკები და აღზრდა გამოკეტილია წინასწარ გამოყოფილი საგანმანათლებლო ორგანიზაციების კედლებში - პირამიდის საფეხურებში. შედიხარ ბაღში (ადრეული და სკოლამდელი აღზრდა), შემდეგ სკოლა (ზოგადი განათლება), თუ კარგად არ ისწავლე პროფესიულ კოლეჯში მოხვდები და თუ გაგიმართლა უმაღლეს განათლებასაც მიიღებ - პირამიდის წვერს მისწვდები, ბოლო საფეხურს. ზრდასრულთა განათლება მხოლოდ რიტორიკის დონეზეა აღიარებული და აქა-იქ ჩაკვეხებულია, თუმცა პირამიდაში მისი ადგილი ვერ მოიძებნება და დოკუმენტის კითხვისასაც, ეტყობა რომ ზედმეტია. ეს განათლების სისტემაა - ბაღში, სკოლაში, კოლეჯში, უნივერსიტეტში - მოკლედ, კედლებში გამომწყვდეული განათლება. ალბათ, სისტემის ეს დახურული, ჩაკეტილი ბუნებაა, რის გამოც პატიმრები ციხეს „სისტემად“ მოიხსენიებენ. ჩვენ კი თავისუფლების მოყვარული ხალხი ვართ. რა დროს სისტემაა, როცა ქსელებია?

ქსელი გაშლილია და კედლის მიღმაც დაძვრება. მოქნილია და ადაპტაციისთვის უფრო თავისუფალი. განათლების სისტემასა და განათლების ქსელს შორის განსხვავება, რომ დავინახოთ, შეგვიძლია პირველის ვიზუალიზაციისთვის რაღაც პირამიდის მსგავსი წარმოვიდგინოთ: ერთმანეთზე დაშენებული, Lego-თი აწყობილი შენობები. მეორის ვიზუალიზაციისას კი შეგვიძლია მდინარე[1] წარმოვიდგინოთ: კახეთის ველზე დაქსელილი ალაზანი, რამაც სარწყავი წყალი უნდა მიიყვანოს ყველგან და არხების, ტუმბოების, წვეთოვანი სარწყავი სისტემის წყალობით გაანაყოფიეროს ყველა მიწა - შემდეგ წყალი ორთქლდება, წვიმად მოდის, მდინარეს ავსებს და იქმნება ეკოსისტემა. ამგვარად, ქსელმა უნდა გაზარდოს პროდუქტიულობა. ასე მაგალითად, თუ სისტემის ნაცვლად განათლებას ქსელურად განვიხილავთ, მისი მთავარი მიზანი იქნება, რომ ქალაქის ნებისმიერი წერტილი ისევე დაუკავშიროს სასწავლო პროცესს, გამოცდილების მიღებას, გადამუშავებას და გამოყენებას, როგორც მდინარე სარწყავი არხებით უკავშირდება სახნავ-სათესებს. აქ არ არსებობს ცენტრი და პერიფერია: ქსელში ყველა მიწას სჭირდება წყალი.

ბაღი, სკოლა, კოლეჯი თუ უნივერსიტეტი განათლების დიდი არტერიებია, მდინარესავით, თუმცა კაპილარების გარეშე არტერიებიც კი კვდება, სხეულზე სისხლჩაქცევები ჩნდება და სიცოცხლე წყვეტს არსებობას - გვალვა ახმბობს და გახეთქილი გულივით აპობს მიწებს. ასეთი კაპილარები, სარწყავი არხები მთელს ქალაქს სჭირდება: ტექნოპარკი, ბიბლიოთეკა, კინო, თეატრი, ლაბორატორიები, მედია, სალონები, კაფე-ბარები, საღამოები, ფესტივალები, ბილბორდები, აპლიკაციები, არაფორმალური განათლების ცენტრები, თაობათაშორისი ურთიერთობისა და გამოცდილების გაცვლის ცენტრები, ღია სივრცეები, ბირჟები - ჩვენ ყველა სივრცეში სწავლის პროცესის ინტენსიფიკაცია უნდა ვცადოთ და რაც მთავარია მათი ერთმანეთთან დაკავშირებაც - განათლების ეკოსისტემის ამუშავება. მოკლედ, სასწავლო/მოსწავლე ქალაქი ისაა, სადაც მოქალაქის [ელ-]გადაადგილება, მოძრაობა, სეირნობაც კი სწავლის საშუალებას იძლევა.

ძვირია? ძვირი პირამიდაა, სადაც მუმიებს ვჭედავთ ოქროს კუბოებით. ქსელი არც წყალს გთხოვს და არც პურს, პირიქით. ის რესურსი რაც უკვე გაქვს, საჭიროა ერთმანეთთან დააკავშირო, შეათანხმო, მათი აზრი მოისმინო (საჭიროების კვლევას რომ ეძახიან), შექმნა საკოორდინაციო პლატფორმები (პრაქტიკულად), სადაც ახლო და გრძელვადიანი გეგმები უნდა განიხილონ, ერთად იმსჯელონ, საერთო მიზნები დაისახონ - არა ზე-საქართველოს მშენებლობისა, არამედ პატარ-პატარა პროექტები, რომლებმაც განათლების პროცესი ნაყოფიერი უნდა გახადოს - ალაზნის დალოცვილი ველებივით. შემდეგ საჭიროა მოსავლის აღება, დაბინავება, დათვლა, კალკულაცია - მოკლედ, მონიტორინგისა და შეფასების სისტემები, რამაც ორგანიზაციებს საკუთარ გამოცდილებებზე უნდა ასწავლოს და თვითრეფლექსური გახადოს.

სისტემიდან ქსელურ აზროვნებაზე გადასვლა საჭიროა, არა მხოლოდ განათლების სექტორში - ეს მხოლოდ მაგალითია, არამედ ჯანდაცვაში, ეკოლოგიაში, სპორტში… და შემდგომ საჭიროა ამ ქსელთა შორის დამაკავშირებელი ქსელების შექმნაც - ძვირფას პიჯაკიანებმა კი არ უნდა დაგვიგეგმონ და გვიბრძანონ, არამედ უნდა გვასწავლონ. კავშირების შექმნას ისედაც ვცდილობთ, სამინისტროებში, ცენტრალიზებულ საბჭოთა მართველობის ფორმებში, თუმცა იმიტომ რომ სისტემურად ვაზროვნებთ და თავში პირამიდის მეტი არაფერი მოგვდის, ვიღებთ იმას რასაც ვიღებთ: ინტერდისციპლინარული ქსელის ნაცვლად, სახეზეა სისტემის დისციპლინა. საჭიროა ამ მასკარადის დეცენტრალიზაცია - ანუ გაქსელვა.

ამ შემობრუნების გარეშე, ვერც ეპიდემიებს გავუმკლავდებით, ვერც კლიმატის ცვლილებებს, ვერც ეკონომიკურ კრიზისებს და სიყვარულიც გაგვიჭირდება. ბევრი ერთმანეთთან დაკავშირებული პატარ-პატარა პროექტები გვჭირდება - სადაც მოქალაქემ თავი უნდა მოიაზროს, რაც მისი რეალობიდან შეიძლება ამოიზარდოს, გეოპოლიტიკამ საშუალება მისცეს, ლოკალურმა პოლიტიკამ დანერგოს, სამოქალაქო სექტორმა (საზოგადოებამ) აკონტროლოს. ამისთვის, კი სისტემა უნდა დაინგრეს (ისედაც დანგრეულია) და ქსელები უნდა „გამოვაცოცხლოთ“. ვნახეთ, რომ სისტემურმა მუშაობამ, ცენტრალიზებულმა თუ ორგანიზაციულ კედლებში გამოკეტილმა სექტორებმა ვერა და ვერ შეძლეს ვერც ბიუჯეტის, ვერც კომპეტენციის, ვერც კეთილდღეობის გაზრდა: პირამიდები ჩაფლავდნენ - დროა შანსი ქსელებს მივცეთ[2].

პოლიტიკოსებმაც, მედიამაც, ინტელექტუალებმაც, მერებმაც, მოქალაქეებმაც (ჩვენ თუ გვკითხავთ, არტისტებმაც) სისტემური მიდგომები, ქსელური მიდგომებით უნდა შეცვალონ და ეგება „ქომუნითი ლეველზეც“ ზიანი შემცირდეს - პროდუქტიულობა კი გაიზარდოს. ქსელების გამართვით - თავისი ძლიერი, ინოვაციური, ტექნოლოგიური, ინსტიტუციონალიზებული თვითრეფლექსიის, ეთიკისა და უსაფრთხოების მექანიზმების ჩაქსოვით - არის შესაძლებელი იმედის გენერირება, ახალი პერსპექტივების მოაზრება და სტაბილურობის კვლავწარმოება.

გახსნილი ქსელები ღიაა ცვლილებებისთვის, ადაპტაციისთვის, ტრანსფორმაციისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. ამიტომაც, ლოკალურზე აქცენტის გაკეთება უნდა წავიკითხოთ არა როგორც ჩაკეტილი, ნაციონალიზმი, არამედ როგორც ღიაობა ინტერნაციონალური პარტნიორობისთვის, კოლაბორაციისთვის, თანამშრომლობისთვის. მსგავსი ღიაობა კი ლოკალურ ძალისხმევას მოითხოვს. ამგვარად, მიუხედავად ლოკალურ სამუშაოზე აქცენტის გაკეთებისა, ჩვენ ქსელებს ვხედავთ, როგორც ინტერნაციონალურს, და არავითარ შემთხვევაში ვიწრო, ჩაკეტილს ქვეყნის საზღვრებში. მაგალითისთვის, იგივე მოსწავლე/სასწავლო ქალაქი, რომ გახდეს ინტერნაციონალური, მისი ქსელები უნდა იყოს მზად რეგიონულ ქსლებში ჩასართავად - მოსწავლე/სასწავლო ქალაქის გაერთიანებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებობს და მათ რეგიონულ ქსელთან დაკავშირებაც აუცილებელია.

ლოკალურ ქსელებზე მუშაობა, ჩვენი ქვეყნის წონასა და ძალაუფლებას საერთაშორისო ქსელებთან მიმართებაშიც ამყარებს, რაც საშუალებას გვაძლევს ვიყოთ უფრო ინოვაციურები, ძლიერები იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ, როგორც შიდა, ასევე გარე გამოწვევებს; ვიყოთ უკეთესი, უფრო სანდო, ძლიერი, მყარი, ეთიკური მეგობრები, როგორც ერთმანეთთან, ასევე სხვებთან. მეტიც, სწორედ ეს ქსელებია რაც შეიძლება ხიდად გადიდოს ჩვენში არსებულ კონფლიქტურ სამეზობლოებს შორის; ასევე ხიდად გაიდოს ჩვენსა და ინტერნაციონალურ ქსელებს შორის - მათ შესწევთ ძალა, რომ დაგვაკავშიროს პროდუქტიულ საერთაშორისო ნაკადებს და მხოლოდ ეს გახსნილი ქსელებია, რაც პროვინციული, ტომური ნაციონალიზმისა და ავტორიტარული რეჟიმებისგან დაგვიცავს.

დღეს კორონავირუსმა ექსპერიმენტების მონაწილეები გაგვხადა: ჩვენ გარშემო დიდი ექსპერიმენტია - კარანტინები, დისტანციური სწავლებები, ჯოგური იმუნიტეტები, ეკონომიკაში მკვეთრი ჩარევები, ჩვენს სხეულებზე ვაქცინების ტესტირებები: ამ მასობრივი ექსპერიმენტის ეპოქაში, ეს ქსელებისკენ შემობრუნება, როგორ ვერ უნდა გავბედოთ? თან მაშინ, როდესაც რეალურად ამაში ახალი არაფერია. რიტორიკის დონეზე თითქოს ამ საკითხზე ფართე კონსენსუსიც არსებობს. მაგრამ, მეოცნებეთა დროს დასრულდა, საქმეა საჭირო, საქმე!

[1] მდინარე მხოლოდ მაგალითია. სინამდვილეში, ქსელი მდინარეზე მოქნილიცაა, რადგან ერთი მიმართულებით არ მოძრაობს - ორმხრივია და ინტერაქციული: არხებიდან წყალი გაედინება და შემოედინება. [2] კონტრარგუმენტი შეიძლება იყოს რომ ცენტრალიზებული სისტემა ეპიდემიის დროს ეფექტურია, თუმცა ეს ტყუილია: ერთიანი გადაწყვეტილების მიღების საშალებას ქსელიც იძლევა, განსაკუთრებით ფორსმაჟორში, თუმცა ცენტრალიზებულ სისტემაში ერთიანი გადაწყვეტილება პერიფერიაში ვერ აღწევს - იხარჯება უამრავი რესურსი, რომ გადაწყვეტილება ამუშავდეს, რადგან მხოლოდ ძალადობთა და შიშით აღსრულდება - ამიტომაც, ასეთი სისტემები ავტორიტარულ რეჟიმებს ემსგავსება - პოლიცია, ჯარი და ა.შ.


Bonus: ქალაქი და შავი სახლი

„ქალაქი სავსე ბოშებით, ქუჩაში დროშებით.

ხან მკერდზე ბროშკებით, ხანაც მთვრალი მატრიოშკებით.

შენ იცნობ დილერს, რომელიც შენთვის დადებს,

რომელიც შავ-თეთრს გააფერადებს.“

სექტორადა - ნიღბიანი რეპერები თელავიდან


სტატიის წერისას მეგობრებს ხშირად ვესაუბრებით. ჩვენი სტატიები მათთან ვალშია. ამჯერად, თათამ თქვენთვის საჩუქრად ბავშვობის მოგონება გამოგვატანა.

„ყველაფრის [კორონავირუსის] დასრულების შემდგომ სახლიდან გამოსვლას რომ წარმოვიდგენ სულ მახსენდება ჩემი ერთ-ერთი პირველი მოგონება: სამოქალაქო ომის შემდეგ დედაჩემი და მე რუსთაველზე გავედით. სოლოლაკში ვცხოვრობდით, მაგრამ პირველად ვნახე ეგ ქუჩა. შუა გზაზე მივაბიჯებდით - სამანქანო გზის შუაში. ცარიელ ქალაქში. კადრები მახსოვს. ეხლა რომ „თბილისი მერიოტია“, ის დავინახე უფანჯრო და შავი - დამწვარი შენობა. დედაჩემის სახეც მახსოვს: თავაწეული და მხრებგამართული მიდიოდა თავისუფალ გზაზე. შავი რატომ არის შენობა-მეთქი, ვკითხე. მიპასუხა, რომ გაიზრდები გაიგებო. თავისუფლება მახსოვს მის ხმაშიც. სიმშვიდე. სიამაყე. სხვა დროს ეგეთი დედა არ მახსოვს - ასეთი თავისუფალი.“


გაკვეთილები და ჩვენ

„ვის შეუძლია ცახცახის გარეშე გაბედოს თქვას - ‘ჩვენ’’“

ჟაკ დერიდა, „ლიოტარი და ჩვენ“.


ავტორების მსჯელობას მივყავართ დასკვნამდე, რომ საჭიროა სისტემური აზროვნება ქსელური აზროვნებით ჩანაცვლდეს, რაც უფრო ეფექტურად გაუმკლავდება ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს. ამისათვის, ავტორები რეკომენდაციას უწევენ შემდგომი მიმართულებებით მუშაობას:

· ნაკლები ცენტრალიზაცია და მეტი დეცენტრალიზაცია

პირამიდის ნაცვლად წარმოვიდგინოთ მდინარე თავისი სარწყავი არხებით და ეკოსისტემით.

· ნაკლები ესთეტიკა და მეტი ეთიკა

ესთეტიკა ეთიკის გარეშე არის ესთეტიკური ფაშიზმი. საჭიროა დიალოგი.

· ნაკლები შოუმენი და მეტი ინტელექტუალი/მეცნიერი

ტელევიზორებში/პოლიტიკაში ცრუ-შამანები სხედან და საჭიროა მათი ჩანაცვლება კომპეტენტური კადრებით. დავიწყოთ მეცნიერების, მკვლევარების, ხელოვანების დაკითხვით/დიალოგით და ამ პროცესში მათი კვალიფიკაციაც აიწევს.

· ნაკლები მითოლოგია და მეტი ტექნოლოგია

პოლიტიკა მიყვება კონსპირაციის თეორიებს და თეოლოგიას: ბიუროკრატია ჭორებისა და მითების გარშემო ბრუნავს. საჭიროა მმართველობის სეკულარიზაცია და გადაწყვეტილების მიღებისას პრაგმატული, ტექნოლოგიური გამოსავალი ვეძიოთ. ამისთვისაც, გამოსავალი ვრცელი დიალოგია, არა აბსტრაქტული, არამედ კონკრეტული გადაცემები, პლატფორმები, საკოორდინაციო საბჭოები - დიალოგი მატერიალურია.



433 views
bottom of page